24 აპრილი 2024,   14:26
ვრცლად
"ანას ბაღთან" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივებსა და კომპანიას შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია

"ანას ბაღთან" მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივებსა და კომპანიას შორის კვლავ დაპირისპირების მიზეზია. ტერიტორიაზე გვიან ღამემდე ხმაური იყო, საიდანაც პოლიციას რამდენიმე ადამიანის გარიდებაც მოუწია. მოსახლეობა სკვერში მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამის კანონიერი უფლება არ არსებობს. საპირისპიროს ამტკიცებენ სამშენებლო კომპანიაში. მოსახლეობისა და კომპანიის დაპირისპირებას დედაქალაქის მერიაშიც ეხმაურებიან. როგორც მუნიციპალიტეტში აცხადებენ, მშენებლობა უკანონოდ ვერ განხორციელდება.

"ჩემს ეზოში დარჭობილი არმატურების ამოძრობა ვცადე, რის გამოც დამიპირისპირდა სამშენებლო კომპანია, რომელიც კორპუსს მიშენებს ცხვირწინ," - აცხადებს ადგილობრივი ლევან ქართველიშვილი.

როგორც "ანას ბაღის" მოსახლეობის ინტერესების დამცველი, იურისტი მუხრან ღურწკაია ამბობს, მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას არ დაუშვებს.

"ამას იმიტომ აკეთებენ, რომ აქ მანქანები თავისუფლად გადაადგილდებოდეს, მათი ბეტონმზიდები და სხვა მანქანები, ამავე დროს აკეთებენ იმისთვის, რომ სამომავლოდ აქაც დაიდგას კორპუსი, უკვე ამას აჩვევენ ამ მოსახლეობას და მოსახლეობა ამას არ დაუშვებს ნამდვილად. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს სამართლებრივი დავა მერიის და კომპანიის წინააღმდეგ და ამ სამართლებრივ დავას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე," - აცხადებს მუხრან ღურწკაია.

"ევროპული სამშენებლო ჰოლდინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი ბენაშვილის განცხადებით, "ანას ბაღის" ირგვლივ განვითარებული ხმაური "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის ხელოვნურად მართული. ბენაშვილის თქმით, კომპანია კანონის ფარგლებში მოქმედებს და პროვოკაციებზე არ მიდის.

"ეს არის მართული პროცესები "ნაციონალური მოძრაობის" მიერ. აქ რეალურად არავის არ ანაღვლებს ანას ბაღი იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არა ერთხელ შევთავაზეთ და ეს დედაქალაქის მერმაც განაცხადა, დაადასტურა ის, რომ ბაღი კეთდება, ბაღი დიდდება. აუცილებლად ყველა საბუთი დაიდება საჭირო ადგილას, ჩვენ ვმოქმედებთ კანონის სრული დაცვით და მათგან განსხვავებით არ ვარღვევთ კანონს და არ მივდივართ პროვოკაციებზე. ღობეს ნებართვა არ სჭირდებოდა, მას სჭირდება მხოლოდ შეთანხმება მერიასთან," – განმარტავს გიორგი ბენაშვილი.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლევან ხაბეიშვილი კი ამბობს, რომ მიწა ადგილობრივი მოსახლეობის დაუკითხავად ფარულად გაყიდეს.

"არ შეიძლება ადამიანების დაუკითხავად კოეფიციენტების ზრდა, მიწის გაყიდვა და შემდეგ მოსვლა და იცით რა, თურმე საბუთში ეს არის მათი და ვიღაცა ბიუროკრატმა ეს გაყიდა ხალხის გარეშე, ეს არ არის საბუთი, ბატონყმობა ხომ არ არის. ამ ადამიანებთან შეუთანხმებლად, მალულად, ფარულად გაყიდეს, მისცეს კოეფიციენტი, მისცეს მშენებლობის ნებართვა და შემდეგ უკვე 3 წელია მიმდინარეობს დავა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები