20 ივნისის საქმეზე დაკავებულების პროცესი დაწყებიდან რამდენიმე წუთში დასრულდა და 27 თებერვლამდე გადაიდო. 27 თებერვალს გახდება ცნობილი, გამოუშვებენ თუ არა დაკავებულ სოსელიას, კუპრეიშვილს და ბუდაღაშვილს, ასევე მომდევნო პროცესზე უნდა გახდეს ცნობილი, გაუფორმდებათ თუ არა მათ საპროცესო შეთანხმება.
ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა სასამართლო პროცესზე თვითაცილების საკითხი დააყენა. ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შორის ახლა უკვე ინტერესთა კონფლიქტია, საუბარია ბუდაღაშვილისა და თამლიანის პოზიციაზე. იაშვილი მხოლოდ თამლიანის ინტერესებს დაიცავს.
ბესიკ თამლიანი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას არ აღიარებს, შესაბამისად არც საპროცესო გარიგებაზე მიდის. თამლიანისგან განსხვავებით ზურა ბუდაღაშვილმა, სოსელიამ და კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნეს.
27 თებერვალს ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე ზურა ბუდაღაშვილის უფლებებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს.
"ბუდაღაშვილმა, კუპრეიშვილმა და სოსელიამ უდავოდ ცნეს მტკიცებულებები და ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება ერთ-ერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან საპროცესო შეთანხმებაზე," - განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ იაშვილმა.
დღევანდელი სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედამ განაცხადა, რომ მისი შვილი საპროცესო გარიგებას არ დათანხმდება, რადგან არ აპირებს აღიაროს, რაც არ ჩაუდენია.
"სამჯერ ვიყავი უკვე პროკურატურაში და სამჯერვე იყო მოთხოვნა, რომ საპროცესოზე წავიდეს. მე მითხრეს 4 წელი პირობითიო და 2 000 ლარი ჯარიმა, დანარჩენებისთვის 3 წელი პირობითი და 2 000 ლარი ჯარიმა. საპროცესოზე ჩემი შვილი ნამდვილად არ წავა იმიტომ, რომ არ გაუკეთებია," - განაცხადა ბესიკ თამლიანის დედამ რუსუდან გარუჩავამ.
ასევე სასამართლო პროცესის დაწყების წინ, ზურა ბუდაღაშვილის დედა მაგული გობეჯიშვილი აცხადებდა, რომ ბუდაღაშვილი მხოლოდ იმ ფაქტს აღიარებს, რომ ხელკეტი ეჭირა.
"ვიდეოკოლაჟი რაც არის გაკეთებული, ზურას ხელკეტი რომ უჭირავს, ეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი კოლაჟია, იმის აღიარებას სთხოვენ. თუ დადგება საკითხი ასე, რომ ზურამ რაღაც უნდა აღიაროს, მხოლოდ იმას აღიარებს, რომ იქ არის ზურა ბუდაღაშვილი, რომელსაც ხელკეტი უჭირავს ხელში," – განაცხადა დღეს ზურაბ ბუდაღაშვილის დედამ.