23 აპრილი 2024,   16:28
ვრცლად
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა პოზიტიურია, თუმცა ვირუსის მთავარ კერებში დაღუპულთა რიცხვი მაინც იზრდება

მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 2 698-ს მიაღწია. ინფიცირებულია 80 000-ზე მეტი ადამიანი. კორეაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა. ირანში კოვიდ-19-ით ინფიცირებულია 60 ადამიანი, ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. დაავადებას უკვე 60-ზე მეტი პაციენტი ებრძვის. საგანგაშო სტატისტიკის გამო ქვეყნაში ზომები გამკაცრებულია. დახურულია სასწავლო და საჯარო დაწესებულებები.

დაავადების პრევენციის მიზნით ირანთან საზღვარი ერაყმა, თურქეთმა, სომხეთმა და პაკისტანმა ჩაკეტა. ლიბანმა, ავღანეთმა, იორდანიამ და ქუვეითმა კი საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს.

მძიმე მდგომარეობაა იტალიაში. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 10-ზე მეტი ქალაქი კარანტინში რჩება. იტალიაში ვირუსს 229 ადამიანი ებრძვის. ეს ევროპაში დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 7 პაციენტი. ქვეყანაში სასწავლო და საჯარო დაწესებულებები დახურულია. გადაიდო ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება.

საგანგაშო სტატისტიკის გამო სამხრეთ კორეაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა უკვე 19 ადამიანი იმსხვერპლა. ვირუსით დაავადებულთა რიცხვმა კი 900-ს მიაღწია. სეულში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დროებით დახურულია.

თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ვირუსისგან უკვე 27 ათასზე მეტი პაციენტი განიკურნა, მათ შორის არის საფრანგეთში დაინფიცირებული 11 ადამიანიც.

კორონავირუსთან საბრძოლველად შეერთებული შტატები თანხის გამოყოფას გეგმავს. დონალდ ტრამპი კონგრესს 2.5 მილიარდ დოლარს სთხოვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით კი, მსოფლიო კორონავირუსის პოტენციური პანდემიისთვის მზად უნდა იყოს.

დღის ამბები