25 აპრილი 2024,   18:55
ვრცლად
მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას - გიორგი გახარია

მეტი საქართველო ნატოში და მეტი ნატო საქართველოში გააძლიერებს შავი ზღვის და დასავლეთის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ცნობილ ამერიკულ გამოცემა The Washington Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

პუბლიკაციაში, რომელიც სათაურით - "საქართველო იმსახურებს ნატოს წევრობას" - გამოქვეყნდა, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს სხვა წევრებთან, რათა განამტკიცოს შავი ზღვის უსაფრთხოება, რაც ბოლო წლებში გულისხმობდა ნატოს ოპერაციებისთვის კარგად გაწვრთნილი მებრძოლების მომზადებას, ნატოსა და შეერთებული შტატების თავდაცვითი მოქმედებების გაფართოებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ტექნიკის განთავსებას და ხშირი ერთობლივი სამხედრო წვრთნების ორგანიზებას.

"ჩვენი მიზანია ერთობლივი წვრთნების გაფართოება, ჩვენი პორტების უფრო აქტიურად ჩართვა და ჩვენი საზღვაო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ქართველები სამართლიანად ამაყობენ სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანსატლანტიკურ ალიანსში შეტანილი უზარმაზარი წვლილით. ჩვენი მიზანია დასავლურ ცივილიზაციასთან და ღირებულებებთან ჩვენი კავშირის და ღრმა ფესვების დემონსტრირება პრაქტიკული მოქმედებებით, რომლებიც აათმაგებს ჩვენს სიმტკიცეს და თავდაცვისუნარიანობას მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ღირებულებებს არ იზიარებს.

შავი ზღვის უსაფრთხოებას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, საქართველო კი წარმოადგენს ერთგულ პარტნიორს დასავლური ერთსულოვნების ფარგლებში. სწორედ ამ მიზეზით უნდა შეასრულონ ნატოში ჩვენმა მეგობრებმა თავიანთი დაპირება სასიცოცხლო მნიშვნელობის ამ უსაფრთხოების ორგანიზაციაში საქართველოს შესვლასთან დაკავშირებით.

რუსეთი დღესაც ეწინააღმდეგება საქართველოს სრულფასოვან წევრობას ნატოში. სწორედ ახლა დადგა დრო, ნატომ უპასუხოს ჩვენს მოთხოვნას ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ნატოს ლიდერებმა არაერთხელ აღუთქვეს საქართველოს ნატოს სრული წევრობა და ჩვენ გვჯერა, რომ ნატოში ჩვენი შესვლის წინაშე არსებული გამოწვევები უახლოეს მომავალში გადაიჭრება,"- აღნიშნავს პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია. 

დღის ამბები