16 აპრილი 2024,   20:50
ვრცლად
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ვადა იწურება - რა მოლოდინები აქვთ ოპონენტებს

უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების ვადა იწურება. საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისათვის 4 დღე რჩება. ოპოზიცია არ ეთანხმება შეთავაზებულ მოდელს 100/50ზე, მმართველი პარტიისთვის კი მიუღებელია ოპოზიციის გერმანულ მოდელზე დაფუძნებული ცვლილებები ​. ოპოზიციაში აცხადებენ რომ პროპორციული არჩევნების, პოლიტიკური დევნის შეწყვეტის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე დიალოგი წარმოუდგენელია.

"ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს,რომ ხელისუფლებას გონივრული კომპრომისის უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მისი გამოყენების ნაცვლად რეპრესიები დაიწყო:

"რა არის მოსალაპარაკებელი, ყველაფერი ცნობილია, თუ რამე გადაწყვეტილება აქვთ ამის შეტყობინების, საჯაროდ ან არასაჯაროდ, უამრავი გზა არსებობს. ეს რაღაც ჩაციკვლა, პიარი რომ ააგეს კლასიკურ სტილში, რომ "ჩვენ მოლაპარაკებისთვის მზად ვართ", ვინ ჭამს ამას? მოლაპარაკებები რომ ნდომოდათ, უამრავი შესაძლებლობა ქონდათ გონივრული კომპრომისის და რეპრესიები არ უნდა დაეწყოთ. უგულავა ხომ იმიტომ დაიჭირეს, რომ მოლაპარაკებები არ უნდათ და ბრიყვული ილუზია აქვს ივანიშვილს, რომ ხალხის გადაგდების  პირობებში რეპრესიებით დააშინებს პროტესტს და შეინარჩუნებს ძალაუფლებას," - განაცხადა ბოკერიამ.

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ ბურთი ხელისუფლების მხარეზეა და თუ მათ რეალური ცვლილება სურთ ამის შესაძლებლობაც აქვთ:

"ბურთი არის ხელისუფლების მხარეს, არანაირი მოპატიჟება, რომ ვიღაცამ მაგიდა ააყირავა, ვიღაცა წავიდა და ა.შ ამაზე საუბარიც კი არ ღირს იმიტომ, რომ თემა არის ძალიან მარტივი, თუ მათ უნდათ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შეუძლიათ დაარეგისტრირონ კანონი და შეიტანონ პარლამენტში და შესთავაზონ ოპოზიციას ის მოთხოვნები, რომელიც გამოიყვანს ქვეყანას ამ პოლიტიკური ჩიხიდან," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ოპონენტებზე პოლიტიკური ნადირობა აქვს გამოცხადებული და ამ პირობებში მოლაპარაკებაზე საუბარი შეუძლებელია:

"არანაირ მოლაპარაკებებზე საუბარი არ არის მანამ, სანამ პოლიტიკური პარტიის ლიდერები არიან ტყვეობაში, მათ მისჯილი აქვთ პატიმრობა, ნაწილის მიმართ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა და ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებას "ქართულ ოცნებასა" და ხელისუფლებასთან, ვიდრე პოლიტიკური ნადირობაა გამოცხადებული," -  განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

განსხვავებული მოსაზრება აქვს მმართველ გუნდს. "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ რადიკალური პოზიცია აირჩია და უფრო რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობს სიტუაციის წაყვანას. ამის მიუხედავად სესიაშვილი იმედოვნებს რომ კომპრომისულ ვერსიაზე ოპოზიციასთან შეჯერება მაინც მოხდება

"მე ვხედავ რაღაც რადიკალურ პოზიციებს, რომელიც არაა ორიენტირებული იმ შედეგზე, რომ ქვეყანაში თავისუფალ მშვიდობიან რეჟიმში ჩატარდეს არჩევნები, ამიტომ მე მეჩვენება, რომ ჩვენი ოპონენტები უფრო რაღაც რევოლუციური მიზნებისკენ ცდილობენ სიტუაციის წაყვანას. ვიტოვებ იმედს, რომ ოპოზიციასთან ერთად მოხერხდება კომპრომისულ ვერსიაზე შეჯერება," - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკების 4 რაუნდი გაიმართა. დიალოგი მას შემდეგ შეწყდა, რაც მე-5 რაუნდამდე ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დააკავეს.

დღის ამბები