20 აპრილი 2024,   03:54
ვრცლად
"რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს" - საქართველო პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია

საქართველოში პანდემიური მზადყოფნის რეჟიმია. მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ეჭვის გამო, აზერბაიჯანში კარანტინშია მოთავსებული 23 ადამიანი. ისინი ირანში სწორედ იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, სადაც კორონავირუსის აფეთქებაა. ბოლო ცნობებით ირანში COVID-19-ით ინფიცირებულია 95, ხოლო გარდაიცვალა 16 ადამიანი.

რაც შეეხება საქართველოს, ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ გადაყვანილ ოთხ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა. დაკვირვება ირანისა და საქართველოს მოქალაქეებზე ინფექციურ საავადმყოფოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პაციენტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში შემოწმდა და COVID-19 გამოირიცხა, რაც იმას ნიშნავს, რომ ოთხივე მათგანი ინფექციურ საავადმყოფოს 24-საათის განმავლობაში დატოვებს.

კორონავირუსი გამოირიცხა ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ახალგაზრდა ქალის შემთხვევაშიც. პაციენტს, რომელიც იტალიიდან გუშინ ჩამოფრინდა, H1N1 ტიპის ვირუსული ინფექცია დაუდგინდა. შესაბამისად, მკურნალობას ბოქსირებული განყოფილებიდან სტაციონარში განაგრძობს.

"რისკები მომატებულია, თუმცა ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს" - ასე აფასებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ბოლო მონაცემებით არსებულ სიტუაციას. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება საზღვრებზე პრევენციულ კონტროლს კიდევ უფრო გაამკაცრებს. გამყრელიძის თქმით, მას შემდეგ რაც ვირუსი რეგიონში გავრცელდა, რეკომენდებულია, რისკჯგუფის ქვეყნებიდან შემოსულმა ვიზიტორებმა ორკვირიანი კარანტინი გაიარონ. საზღვრებზე კონტროლის უკვე გამკაცრებაზე საუბრობენ ვალეს საბაჟოზე.

კორონავირუსის მხრიდან გამოწვეულ გლობალურ საფრთხეებზე "კურიერთან" დღეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმაც ისაუბრა. საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ისინი მსოფლიოს მასშტაბით ვირუსთან ბრძოლაში აქტიურად მონაწილეობენ და გარკვეული პოზიტიური შედეგებიც აქვთ.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი კერა ჩინეთის შემდეგ ირანი გახდა, საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა. აქტიურად მიმდინარეობს სახმელეთო საზღვრების კონტროლიც. ამ დროისთვის, საქართველოში კარანტინს ჩინეთიდან ჩამოსული საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის საავადმყოფოში გადის.

დღის ამბები