20 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
პოლიტიკური დიალოგის ბედი - რამდენიმე დღეში საარჩევნო სისტემის ინიცირების კანონიერი ვადა იწურება

ქართულ პოლიტიკას სულ უფრო ცოტა დრო რჩება იმისთვის, რომ მთავარი ამოცანა ამოხსნას - რა საარჩევნო სისტემით ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები?! ვიდრე მხარეებს შორის მოლაპარაკებების ბედი გადაწყდება, გაერთიანებული ოპოზიცია მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე მუშაობს, ეს იმ შემთხვევისთვის, თუ კომპრომისი არ შედგა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ "ლელო საქართველოსთვის" ამ პროცესში თავს დამოუკიდებლად განიხილავს.

არასაპარლამენტო ოპოზიციისთვის არსებული წესით, არჩევნებისთვის მზადება არ ნიშნავს დათმობას, რადგან მათი პირობები კვლავ ძალაში რჩება. ახლა აქტორები იმას ელოდებიან, რომ დიალოგთან დაკავშირებით კონკრეტული კონტურები გამოიკვეთოს, თუმცა საპარლამენტო ოპოზიცია ცალსახად ამბობს, რომ მოლაპარაკების იდეა ხელისუფლებამ ოპონენტებზე დევნის წამოწყებით უკვე გააქრო. ისინი მიიჩნევენ, რომ თუ "ოცნების" მოწოდებები დიალოგის რეჟიმში დაბრუნებაზე გულწრფელია, მაშინ შემხვედრი ნაბიჯებიც უნდა გადადგან.

დიალოგის მაგიდის მიღმა პოლიტიკურ დინამიკას ვერ ხედავს ყოფილი პრეზიდენტი. გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკურ აქტივობას ოპოზიციურ პლატფორმაზე უბრუნდება და უკვე თათბირობს ინტერესჯგუფებთან და პოლიტიკურ პარტიებთან. ექს-პრეზიდენტი ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას პროპორციული არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების შესახებ უერთდება.

"ქართული ოცნება" ოპონენტების გზავნილებში რადიკალიზმსა და რევოლუციური სცენარისკენ სწრაფვას ხედავს. მმართველი გუნდის დეპუტატებმა დღეს ისიც აღნიშნეს, რომ მათგან სწორედ ამგვარ პოზიციებს ელოდნენ. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სკეპტიკურად უდგება ოპოზიციის ერთიანობის იდეას, მთავრობის ფორმირების შემთხვევაში.

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, დიპლომატიურ კორპუსში მხარეებს კვლავ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებენ. საქართველოში აკრედიტებული ელჩები ხაზს უსვამენ, რომ სურვილის შემთხვევაში, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც აუცილებლად იპოვიან გამოსავლის გზას.

სულ რამდენიმე დღეში საარჩევნო სისტემის ინიცირების კანონიერი ვადა ამოიწურება, რაც კონკრეტული ძვრების გარეშე, იმის ნიშანი იქნება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა ძველი წესით შეხვდება.

დღის ამბები