26 აპრილი 2024,   00:43
ვრცლად
პოლიციამ სათვალთვალო კამერების ჩანაწერი ამოიღო, სადაც 18 წლის ბიჭი დედისა და ბებიის მკვლელობის შემდეგ ტერიტორიას ტოვებს

დედის და ბებიის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სკოლის მოსწავლეს მიხეილ ზაუტაშვილს დღეს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. შემდეგ კი, სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს. 18 წლის ბიჭის წინააღმდეგ გამოძიება ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

"კურიერის" ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მიხეილ ზაუტაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული კადრები ამოიღო.

კადრები, რომელიც სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ასახულია მომენტი, როდესაც დაკავებული მიმდებარე ტერიტორიას ტოვებს. მეზობლების ინფორმაციით, მიხეილ ზაუტაშვილი გამოვიდა ქუჩაში და ყვირილის დროს აღიარებდა, რომ დედა და ბებია მოკლა.

"იმყოფებოდა გამომძიებელი, ოქმიც გააფორმა კამერის ჩანაწერი მოწყობილობის ამოღების შესახებ," - აღნიშნა მეზობელმა.

გარდა ამისა, საქმეში ფიგურირებს კიდევ სხვა აუდიო ჩანაწერი, თუმცა მათი შინაარსი ჯერჯერობით უცნობია.

დაკავებულის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე აპირებს მიმართოს იმ სკოლებს, სადაც გარკვეული წლების განმავლობაში სწავლობდა მიხეილ ზაუტაშვილი და ის, გამოითხოვს ოფიციალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტიპის ძალადობის მსხვერპლი იყო დაკავებული.

"როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე აპირებს ბრალის წარდგენას, ხოლო ბრალის წარდგენის შემდეგ პირველი წარდგენის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება და სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს," - აღნიშნა მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატმა თამარ გაჩეჩილაძემ.

თბილისში ახალგაზრდა ბიჭმა დედა და ბებია მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბებია - 1946 წელს დაბადებული ზ.დ. და დედა - 1974 წელს დაბადებული თ.ზ., მათსავე საცხოვრებელ სახლში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მძინარე მდგომარეობაში ნაჯახით მოკლა.

დღის ამბები