18 აპრილი 2024,   11:52
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს

ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე ბრალდებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის პროცესი მიმდინარეობს. ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც სასამართლო არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა.

რაც შეეხება მარიანა ჩოლოიანს, ის სასამართლო პროცესს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ ესწრება. მისი ადვოკატების თქმით, ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ის ამ დრომდე ღუდუშაურის კლინიკაში იმყოფება.

დაცვის მხარე მზად არის, სამართლებრივი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა დაამტკიცონ.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით მისი დიაგნოზით დაცვის მხარე არ აპირებს სპეკულირებას, ამიტომ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით იმაზე მეტს, რომ იგი გადის შესაბამის მკურნალობას, ვერაფერს გეტყვით.

სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ჩვენ გვქონდა აუდიენცია ქალბატონ მარიანასთან. მისი პოზიციაა, საქმე არ გაჭიანურდეს და გაგრძელდეს სასამართლო საქმის განხილვა.

დაცვის მხარე მზად არის სამართლებრივი ბრძოლისთვის და იმისთვის, რომ მარიანა ჩოლოიანის უდანაშაულობა საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დადასტურდეს," - განაცხადა მარიანა ჩოლოოიანის ადვოკატმა გიგი მოსიაშვილმა.

რაც შეეხება ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატს, რევაზ აჭარაძე აცხადებს, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველა ის გარემოება, რომელიც ამ საქმეშია და შემთხვევაში თუ კიდევ რომელიმე პირის ბრალეულობა გამოიკვეთება, ადვოკატის თქმით, აუცილებელია მათი პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს.

"იქნება შესავალი სიტყვები. პროკურატურაც წარადგენს შესავალ სიტყვას, რომელსაც რა თქმა უნდა აფუძნებს იმ მტკიცებულებებზე, რომელიც არის შეგროვებული გამოძიებიდან გამომდინარე, როგორც არა ერთხელ განვმარტეთ.

როგორც ჩვენ დაზარალებული მხარე, ასევე საგამოძიებო ორგანოც და პროკურატურა თვლის, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ შეგროვებულა იმისთვის, რომ მოსამართლემ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი," - აცხადებს ლუკა სირაძის ოჯახის ადვოკატი რეზო აჭარაძე.

დღის ამბები