20 აპრილი 2024,   00:48
ვრცლად
ოპოზიციის ინტერესია, საზოგადოებას სწრაფად ვუთხრათ გადაწყვეტილება - ბოკერია ოპოზიციის საერთო კანდიდატზე

გახდება თუ არა პოლიტიკურ პარტიებს შორის უთანხმოების მიზეზი ინფორმაცია, რომელიც მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ეხება. მას შემდეგ, რაც ალეკო ელისაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ გააკრიტიკა, განცხადებებს აკეთებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან მსხდომი სხვა პოლიტიკური ძალებიც.

ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, ოპოზიციას ეყოლება ერთიანი კანდიდატები გარკვეულ ოლქებში, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული შეთანხმება მიღწეული არ არის.

"როგორც კი დასრულდება მოლაპარაკებები, ჩვენი, დემოკრატიული ოპოზიციის ინტერესია, რომ საზოგადოებას რაც შეიძლება სწრაფად ვუთხრათ ეს. ჯერ არის შეთანხმება იმაზე, რომ ეს ამოცანა გვაქვს და თბილისში, სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა დავიწყეთ საუბარი, გვარებიც იქნა ნახსენები, ოღონდ შეთანხმება როგორ უნდა მოხდეს იმ ხალხის გარეშე, ვისი გვარებიც არის," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ.

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ სისტემის ცვლილების პროცესი ჯერ არ დასრულება და რამდენი მაჟორიტარი იქნება თბილისში ან საქართველოს მასშტაბით, ჯერჯერობით უცნობია.

"ჯერ კიდევ არ დასრულებულა სისტემის ცვლილების პროცესი, ანუ ჯერ კიდევ არ ვიცით რამდენი მაჟორიტარი იქნება თბილისში, რამდენიმე მაჟორიტარი იქნება საქართველოს მასშტაბით, ამიტომ სრულიად ბუნებრივი გახლავთ ის, რომ ყველანაირი მოლაპარაკებები და თუნდაც გაცხადებული გვარები, რომელიც სხვათა შორის ოფიციალურად არ გაცხადებულა, ყველაფერი ეს არის წინასწარი მოლაპარაკებების შედეგი და არა რაიმე საბოლოო შეთანხმება," - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

დღის ამბები