19 აპრილი 2024,   13:52
ვრცლად
"თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019" - საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზეა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ წარმოებული ინდექსის "თავისუფლების ბარომეტრი - ევროპა 2019"-ის მიხედვით, საქართველო ევროპაში 27-ე ადგილზე გავიდა და შეფასების 100 ბალიანი შკალიდან 69.06 ქულა მიიღო, რაც ქვეყნის ახალი ისტორიული მაქსიმუმია.

გამოყოფილია კორუფციის საკითხიც და ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც მინიმუმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების 1/3-ს მაინც უსწრებს კორუფციის სიმცირით.

"ეს არის ძალიან დიდი ნახტომი, შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს 39-ე ადგილზე ვიმყოფებოდით. ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ინდიკატორისგან შედგება, ერთ-ერთი კი ბიზნესისა და ეკონომიკის თავისუფლებაა. ამის მიხედვით საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც მთელი ერთი ნაბიჯით გააუმჯობესა თავისი ქულა," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა. 

ისტორიულ მაქსიმუმზეა კერძო საკუთრების დაცულობის მაჩვენებელიც. კანონის უზენაესობის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო ევროპაში 29-ე ადგილზე გავიდა და გაუსწრო ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანას: რუმინეთს, საბერძნეთს და ბულგარეთს. ამ ინდიკატორით საქართველო უპირობო ლიდერია კავკასიასა და შავიზღვისპირეთში. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.

"არამარტო ეკონომიკური რეფორმებია დადებითად შეფასებული, არამედ სასამართლო სფეროში მიმდინარე რეფორმებიც. განსაკუთრებით საქართველოს რეალობაში არსებულ პოლიტიკურ სპეკულაციებთან და კრიტიკასთან მიმართებით, სასამართლოსთან დაკავშირებული შეფასებაა საყურადღებო და ყველასთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს ეს" - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

დღის ამბები