23 აპრილი 2024,   15:02
ვრცლად
ქვეყნების რაოდენობა, სადაც კორონავირუსი დაფიქსირდა 45-მდე გაიზარდა, მათ შორის არის უკვე საქართველოც

2,804 გარდაცვლილი და 81 ათასზე მეტი ინფიცირებული. ქვეყნების რაოდენობა, სადაც ინფექცია დაფიქსირდა 45-მდე გაიზარდა. ყველაზე რთული ვითარება ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, იაპონიასა და ირანშია.

საქართველო უკვე მოხვდა კორონავირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე. საქართველოს ინფიცირებული მოქალაქე ქვეყანაში დაბრუნებამდე ირანში იმყოფებოდა, სადაც ეპიდაფეთქების შემდეგ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, ბოლო 24 საათში 140-მდე გაიზარდა. მკვლელმა ვირუსმა მხოლოდ ირანში უკვე 19 ადამიანი იმსხვერპლა. ეს, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ფატალური შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, ირანში კარანტინი არ გამოცხადებულა.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ირანთან საზღვარი ჩაკეტეს ერაყმა, თურქეთმა, სომხეთმა და პაკისტანმა. საზღვარზე მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ლიბანმა, ავღანეთმა, იორდანიამ და ქუვეითმა. დასავლურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანი დაავადებულთა რეალურ სტატისტიკას მალავს. 

აზერბაიჯანში ამ დრომდე კარანტინში რჩება 29 პაციენტი, თუმცა კოვიდ 19-ის შემთხვევა ქვეყანაში ოფიციალურად არ დადასტურებულა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა რუმინეთში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ნორვეგიაში, ფინეთსა და პაკისტანში. კვლავ მძიმე ვითარებაა იტალიაში. ქვეყნის 10-ზე მეტი ქალაქი კარანტინში რჩება. კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 453-ს მიაღწია. ვირუსმა 12 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კულტურული ცენტრები. გადადებულია ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება.

დაავადებულთა რიცხვი უკვე 1,500-ს აჭარბებს სამხრეთ კორეაში, სადაც კოვიდ 19-მა უკვე 13 ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყანაში განგაშის უმაღლესი დონეა გამოცხადებული. ფატალური შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა იაპონიაშიც, სადაც ქვეყანაში კოვიდ 19-ით 7 პაციენტი გარდაიცვალა. დაფიქსირდა ხელმეორედ დაავადების შემთხვევაც.

კორონავირუსის საფრთხის გამო სპეციალური ბრიფინგი გამართა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანა ვირუსთან საბრძოლველად მზად არის, მოსახლეობას კი ჰიგიენური ნორმების დაცვისკენ მოუწოდა. პრეზიდენტმა ტრამპმა ვირუსთან საბრძოლველად სპეციალური ჯგუფიც შექმნა, რომლის ხელმძღვანელად მაიკ პენსი დანიშნა. 

დღის ამბები