საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა და კარანტინის გამოცხადება დააანონსა. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ გუშინ გვიან ღამით გააკეთეს, თუმცა ამ ეტაპზე ე.წ. საზღვარი ჩაკეტილი არ არის და მოქალაქეებს საშუალება აქვთ გადაადგილდნენ როგორც ოკუპირებული ტერიტორიიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ისე პირიქით.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ხიდზე მიმოსვლა დღეს საღამოდან ან ხვალ დილიდან შეიზღუდება.
მოქალაქეების განცხადებით, არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, როდის აეკრძალებათ გადაადგილება. მათი ნაწილის თქმით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა შესაძლოა დღეს 5 საათიდან მოხდეს, ნაწილი კი ჩაკეტვას ხვალ დილის 6 საათიდან ვარაუდობს.
"ვიკითხეთ და გვითხრეს, რომ გადავკეტავთო... ვირუსის გამოო ასე გვითხრეს," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
ავტორი: დავით ცაგარელი