05 აპრილი 2020,   07:42
ვრცლად
საპატრიარქო, პატრიარქისა და მისი გარემოცვის სახით, მახრჩობელა გველივით მოცოცდება სასამართლოში ხელისუფლების გავლით - მეუფე პეტრე 

მეუფე პეტრე დღეს საქალაქო სასამართლოში, მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განხილვას ესწრება. უფლებადამცველები დეკანოზისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადებას ითხოვენ.

მეუფე პეტრეს თქმით, ის, რომ დღეს სასამართლოში წმ. სინოდის არც ერთი წევრი არ არის, მხოლოდ იმას ცხადყოფს - "რამდენად არაგულწრფელი და არამართალი იყო კათალიკოს-პატრიარქი და მისი ბანდა საპატრიარქოს სახით." 

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი, განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. 

"ღირსეული, თავისუფალი და ღვთისნიერი სასამართლოსა და მოსამართლის პირობებში შეუძლებლად მიმაჩნია, რომ მამა გიორგი მამალაძეს არ მიეცეს შესაძლებლობა დატოვოს სასჯელაღსრულების დაწესებულება და იმკურნალოს სისტემის გარეთ. მხოლოდ მონური, უღირსი და უღვთო სასამართლოს პირობებში შესაძლებელია ეს საშუალება არ მიეცეს მამა გიორგის.

დღეს რომ საპატრიარქოს წარმომადგენლები არ არიან აქ და არ გულშემატკივრობენ ამ ავადმყოფი უდანაშაულო დეკანოზის საპატიმროდან სამკურნალოდ გამოსვლას, ცხადყოფს რამდენად არაგულწრფელი და არამართალი იყო კათალიკოს-პატრიარქი და მისი ბანდა საპატრიარქოს სახით.

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, როგორც სიმბოლო ბოროტებისა, უსამართლობისა, უკანონობისა და უზნეობისა, საქართველოს საპატრიარქო, პატრიარქისა და მისი გარემოცვის სახით, როგორც მახრჩობელა გველი მოცოცდება დღეს სასამართლოში ხელისუფლების გავლით, მიმაჩნია რომ აუცილებლად, მამა გიორგის უნდა მიეცეს საშუალება, სამკურნალოდ დატოვოს საპატიმრო.

არ უნდა დაგვავიწყდეს საარჩევნო წელიწადია და გამოჩნდება, რამდენად არის საპატრიარქოს გავლენა. მღვდელს ციანიდით არარსებული მკვლელობა ედება ბრალად, ეს არის საპატრიარქოს დამსახურება," - აცხადებს მეუფე პეტრე. 

გაითვალისწინებს თუ არა სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის უფლებადამცველის შუამდგომლობას, განაჩენის აღსრულების გადავადებასთან დაკავშირებით - ამ კონკრეტული საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება.

დღის ამბები