19 აპრილი 2024,   03:46
ვრცლად
33 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა - კორონავირუსის დინამიკა გავრცელების დასაწყისიდან დღემდე

კორონავირუსი მსოფლიოს 48 ქვეყანას უტევს, იზრდება პანიკაც. საუდის არაბეთში ორ უძველეს ქალაქში მომლოცველებისთვის შესვლა აიკრძალა. მექასა და მედინაში ტურისტების მიღებისგან თავს კორონავირუსის გავრცელების ტემპებიდან გამომდინარე იკავებენ. ამასთან, საუდის არაბეთში შესვლა ეკრძალებათ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებშიც კორონავირუსის რამდენიმე ათეული შემთხვევაა რეგისტრირებული.

ეპიდაფეთქების გამო ფრენების განრიგს ცვლის "ვიზ-ეარი". კომპანიამ ბუდაპეშტიდან იტალიის მიმართულებით 4 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით, ყველა რეისი გააუქმა. "ვიზ-ეარის" შეშფოთებას აპენინის ნახევარკუნძულზე არსებული მდგომარეობა იწვევს. იტალიაში ინფიცირებულთა რიცხვი 528-მდე გაიზარდა, დაიღუპა 14 ადამიანი. მიუხედავად ამისა, მთავრობის წარმომადგენლები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. ანალოგიური მოწოდება აქვს თანამემამულეებისადმი იტალიაში მოღვაწე ბავშვთა კარდიოქირურგს, დავით მათიაშვილსაც.

სპეციალურ მობილურ ჰოსპიტალში გაივლიან კარანტინს ინდონეზიის მოქალაქეები. საკრუიზო გემ "უორლდ დრიმის" მგზავრები სებარუს დაუსახლებელ კუნძულზე დღეს გადაიყვანეს. კიდევ ერთი ლაინერი "დაიმონდ ფრინსესი" კი, კვლავ იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში, რამდენიმე ასეული ინფიცირებული მგზავრით რჩება. პარალელურად, იაპონიის მთავრობა, ვირუსის პრევენციისთვის, დამატებით ზომებს მიმართავს და სასწავლო პროცესს ერთი თვით აჩერებს.

პრევენციის მიუხედავად, ვირუსის გავრცელების არეალი იზრდება. ნორვეგიის საზოგადობრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა ქვეყანაში "კოვიდ 19"-ის პირველი შემთხვევა დაადასტურა. ჩინეთიდან დაბრუნებულ მოქალაქეს ვირუსის მსუბუქი ფორმა დაუდასტურდა.

ეპიდემიის საფრთხეზე საუბრობენ საფრანგეთშიც. ქვეყანაში ჯერჯერობით ინფიცირების 18 და გარდაცვალების 2 შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ნეგატიური სცენარისთვისაც მზად არიან.

პანიკასა და დეზინფორმაციას ებრძვიან სოციალურ ქსელებშიც. "ფეისბუკის" ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება - აკრძალოს რეკლამა, რომელიც კორონავირუსის განკურნებას ეხება.

ინფექციის დამარცხება მხოლოდ ამბულატორიულ პირობებშიც შეიძლება და ეს 33 212-მა ადამიანმა დაამტკიცა. ისინი სოციალურ ქსელში პერიოდულად ავრცელებენ ინფორმაციას, რომელიც მათი თქმით, ინფიცირებულებს დაეხმარებათ.

კორონავირუსმა უკვე მოახდინა ზეგავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე. დღითიდღე მკვეთრად ეცემა სხვადასხვა კომპანიების აქციების ფასი. "კოვიდ 19" ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე გავრცელდა. ირანში ვირუსი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შემდეგ, პარლამენტის ერთ-ერთ დეპუტატს და ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს აღმოაჩნდა. ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბრიტანეთშიც. რუმინეთში კი, საქართველოს მსგავსად, პირველი პაციენტი დარეგისტრირდა.

ვირუსის გავრცელების და გარდაცვალების შემთხვევების დინამიკა საგრძნობლად იკლებს. უკანასკნელი ცნობებით, მსოფლიოში კორონავირუსით 82 548 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 78 497 შემთხვევა ჩინეთშია რეგისტრირებული. 1766 სამხრეთ კორეაში - ნეგატიურ ტოპ რეიტინგის პირველ ათეულშია იტალიაც. აპენინის ნახევარკუნძულზე "კოვიდ 19"-ით ინფიცირების 528-ე შემთხვევა გამოვლინდა. სტატისტიკა მძიმეა, მაგრამ არსებობს პოზიტიური დინამიკაც - კერძოდ 33 ათასზე მეტი განკურნებული. დინამიკას რამდენიმე გავლენიანი ორგანიზაცია აკვირდება.

რაც შეეხება გრაფიკას, 26 თებერვლამდე რეგისტრირებულია გარდაცვალების 2801 შემთხვევა. თუმცა თუკი 2-კვირიან დინამიკას გავითვალისწინებთ, 12 თებერვალს ახალი შემთხვევების აღმოჩენის 13 %-იანმა მაჩვენებელმა, მინიმუმამდე დაიწია და ახლა ერთ პროცენტს შეადგენს. თითქმის განახევრებულია გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი, რომელმაც ბოლო რამდენიმე დღეში 150-დან 70-მდე დაიწია. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ მარტის შუა რიცხვამდე სიტუაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

 

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები