20 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა გაზარდეს

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტსა და სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მედიკოსების რაოდენობა გაზარდეს. საბაჟოზე 24-საათიან რეჟიმში მოწმდებიან ის მგზავრები, ვინც მაღალი რისკის ქვეყნიდან მოდის, ანდა აღენიშნებათ საეჭვო სიმპტომები. მებაჟეები და სამართალდამცველები მგზავრებს შესაბამისი აღჭურვილობით ამოწმებენ.

მგზავრთა ნაწილი აცხადებს, რომ ისინი სასაზღვრო პუნქტებზე არ შეუმოწმებიათ:

"მე არ შევუმოწმებივარ და სხვა არ ვიცი, არავინ არ დამინახავს რომ ამოწმებდნენ," - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა მამაკაცმა.

"კურიერის" მიერ ჩაწერილი სხვა მგზავრი აცხადებს, რომ თურქეთის მხარეს შემოწმება გაიარა, საქართველოს მხარეს კი არა:

"იქეთ კი და აქეთ არა, ჩემთვის არაფერი უთქვამთ არ ვიცი."

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მონიტორინგის გაძლიერების მიზნით სასაზღვრო პუნქტებზე სამედიცინო პერსონალი დაემატა:

"სასაზღვრო პუნქტებზე, მონიტორინგის გაძლიერების მიზნით, ჩვენ დავამატეთ თითო სამედიცინო პირი, ანუ ზოგადად 2 სამედიცინო პირი იმუშავებს 24 საათიანი რეჟიმით, 8 საათიანი ცვლით იქნებიან, თითოეულ ცვლაში 2 სამედიცინო პირი განახორციელებს მგზავრთა სკრინინგს, რაც მოიცავს თერმოსკრინინგს და დამატებითი ეპიდემიოლოგიური ანალიზის შეგროვებას მხოლოდ იმ მგზავრებისათვის, რომელთაც უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში ჰქონდათ შეხება ჩინეთთან და სხვა კორონავირუსით დაზიანებულ ქვეყნებთან," - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

დღის ამბები