25 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
ასადის რეჟიმის სასტიკმა ახალმა აგრესიამ, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, ტრაგიკული სიტუაცია შექმნა - მაიკლ პომპეო

33 დაღუპული და 40-მდე დაჭრილი თურქი სამხედრო - სირიაში იდლიბის პროვინციაში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა. მსხვერპლი თურქი სამხედროების კოლონაზე რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სირიის ავიაციის საჰაერო იერიშებს მოჰყვა. დაშავებულები ანკარამ კლინიკებში გადაიყვანა, რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ გამორიცხული არაა, მსხვერპლი გაიზარდოს. უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია თურქეთ-სირიის საზღვარზე. 

თურქეთის სამხედრო ძალებზე იერიშებიდან მალევე ანკარამ საპასუხო თავდასხმები განახორციელა. დაბომბილია ასადის ძალების ობიექტები. ვითარების ესკალაციის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მომხდარის თაობაზე, დეტალური ინფორმაცია ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგსა და პეტანგონის წარმომადგენლებს მიაწოდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი ეროვნული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ჩაატარა. ანკარაში მკაცრი რიტორიკა ისმის და სამხედრო ოპერაციის შეჩერებას არ აპირებენ.

"იდლიბში მოვლენების ჩვენ სასარგებლოდ ვითარდება, მართალია მსხვერპლი გვყავს, მაგრამ სამხედრო ოპერაცია მაინც წარმატებით ხორციელდება. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ასადის რეჟიმის ძალები კვლავ ძლიერია," - ამბობს რეჯეფ ტაიპ ერდოღანი. 

ურყევია შტატების პოზიცია, რომელიც სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში მხარდაჭერას ანკარას უცხადებს. მაიკ პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. ცნობილი გახდა ისიც, რომ იდლიბში მომხდარის გამო, თურქეთი ნატოსთან კონსულტაციებს იწყებს.

"ასადის რეჟიმის სასტიკმა ახალმა აგრესიამ, რომელსაც მოსკოვი უჭერს მხარს, ტრაგიკული სიტუაცია შექმნა. ასადის რეჟიმი ვერ შეძლებს სამხედრო გამარჯვების მოპოვებას. ამ ეტაპზე მათი ქმედებები ზრდის კონფლიქტის რისკს ნატოს მოკავშირე თურქეთთან," - აცხადებს მაიკლ პომპეო. 

სწორედ ასადის რეჟიმისა და რუსეთის ავიაციის მიერ მიტანილი იერიშების გამო კონფლიქტის ზონა მილიონზე მეტმა ადამიანმა უკვე დატოვა. ნაწილი მათგანი თურქეთმა შეიფარა, ნაწილი კი ომსა და კონფლიქტს გამოქვაბულებში გაექცა. 

სირიის მრავალწლიანი სამოქალაქო კონფლიქტში მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი - მეამბოხეებს. 

დღის ამბები