19 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
"მდიდარი ქვეყნებიც კი უნდა მოემზადონ მოულოდნელობისთვის" - WHO-ს ხელმძღვანელი კორონავირუსის გავრცელებაზე

270 ინფიცირებული და 26 დაღუპული - ირანში კორონავირუსით დაინფიცირებულთა დინამიკა ისევ იზრდება. დაავადებულთა შორისაა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი და პარლამენტის წევრები. ფატალური შემთხვევების რაოდენობით ჩინეთის შემდეგ ირანში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგაშო სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყნაში კარანტინი არ ცხადდება. მოსახლეობა კი მთავრობას ინფიცირებულთა რეალური მონაცემების დამალვაში ადანაშაულებს.

"გაცილებით მეტია ინფიცირებული ადამიანების რიცხვი, იზრდება დაავადების რიცხვი ჩემს ახლობლებსა და ნათესავებს შორის. თუმცა სახელმწიფო მედიაში ზუსტ სტატისტიკას მალავენ," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევები გამოვლინდა ლიეტუვაში , ბელორუსში, ნიგერიაში, ნიდერლანდებსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში. უმეტეს შემთხვევაში ინფექცია იტალიიდან დაბრუნებულ პირებს დაუდგინდათ.

"პაციენტს შემოწმების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. ახლა ჯანდაცვის უწყება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ დავადგინოთ ვისთან ჰქონდა ინფიცირებულს კონტაქტი. დაავადებული იტალიიდან ჩამოვიდა," - განაცხადა ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მიშელ მაკაბრიდმა.

კვლავ მძიმე მდგომარეობაა იტალიაში. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 655-მდე, გარდაცვალების კი 17-მდე გაიზარდა. კარანტინში რჩება ჩრდილოეთ იტალიის 10-ზე მეტი ქალაქი. ქვეყანაში დახურულია სასწავლო დაწესებულებები და კულტურული ცენტრები.

დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა საფრანგეთშიც. დაავადებულთა რიცხვმა 38-ს მიაღწია. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 2 ადამიანი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად საზღვრის ჩაკეტვას არ გეგმავს.

"მინდა მწუხარება გამოვთქვა იტალიაში კორონავირუსისგან გამოწვეულ მსხვერპლზე. ეს დაავადება ყველას გვაშფოთებს. გამოწვევა, რომლის წინაშეც ვართ, მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით გადაიჭრება. ჩვენ ეპიდემიის საფრთხის წინაშე ვართ. საფრანგეთი იტალიასთან საზღვარს ჯერ არ ჩაკეტავს, რადგან ვირუსს საზღვრების ჩაკეტვა ვერ შეაჩერებს,"- განაცხადა მაკრონმა.

საგანგაშოა დაავადების ზრდის ტემპი სამხრეთ კორეაში, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 2 ათასს გადაცდა. COVID-19-მა ქვეყანაში 13 ადამიანი იმსხვერპლა. კორეელები ქვეყნის პრეზიდენტს კორონავირუსის წინააღმდეგ არაეფექტურ ბრძოლაში ადანაშაულებენ. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის გადადგომის შესახებ პეტიციას ხელი უკვე მოაწერა მილიონზე მეტმა ადამიანმა. სეულში შექმნილი ვითარების გამო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები დაიხურა.

"ვაგრძელებთ პაციენტების ვირუსზე გადამოწმებას, გამოვლინდა დაინფიცირების კიდევ ახალი შემთხვევები. მათზე დაკვირვებას ვახდენთ. COVID-19-სგან ჩვენმა მედიკოსებმა უკვე 26 პაციენტი განკურნეს," - აცხადებს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კიმ კენგ ლიპი.

მსოფლიოში გაზრდილი დაინფიცირების შემთხვევების ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დაავადების გავრცელებისგან დაზღვეული არცერთი ქვეყნა არ არის:

"არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაიმშვიდოს თავი იმით, რომ შეძლებს კორონავირუსის გავრცელების აცილებას. იმის შესახებ ვარაუდი, რომ კორონავირუსის ინფექცია ამა თუ იმ ქვეყანაში არ იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით ფატალური შეცდომაა. მდიდარი ქვეყნებიც კი, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, უნდა მოემზადონ მოულოდნელობისთვის" - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

კორონავირუსის საფრთხის გამო ევროპარლამენტი მუშაობას ტელეკონფერენციის ფორმატში გეგმავს.

დღის ამბები