სოფელ ჭოპორტში, სახლში სადაც მამაკაცმა დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჯერჯერობით, მკვლელობის ვერსიების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. როგორც "კურიერმა" გაარკვია, ოჯახის წევრების მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული ლაშა ქიმბარაშვილია.
მეზობლები აცხადებენ, რომ მამაკაცმა ოჯახის წევრების მოსაკლავად სანადირო თოფთან ერთად დანაც გამოიყენა. მათი თქმით, მამაკაცი ფხიზელი იყო და წარსულში ოჯახის წევრებთან კონფლიქტი არ ჰქონია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა "ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის 2 ან მეტი წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
სავარაუდო დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ცხედრები ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.