25 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
კორონავირუსი საქართველოში - საკარანტინო ზონაში 87 ადამიანია მოთავსებული

კოვიდ 19-ით დაინფიცირებული 31 წლის ახალგაზრდა ქალი საქართველოს მოქალაქეა. ის რამდენიმე დღის განმავლობაში ჩრდილოეთ იტალიაში მოგზაურობდა.

ქვეყანაში 2 დღის წინ ქუთაისის აეროპორტის გავლით დაბრუნდა, ჩამოსვლის დროს ახალი ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა, თუმცა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებას თავად მიმართა.

სპეციალისტების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. იზოლაციაშია კიდევ ერთი პირი, ვინც დაინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა.

სპეციალისტები იმ პირების გამოვლენას, ვისთანაც კორონავირუსით დაინფიცირებულს შეხება ჰქონდა, ამ დრომდე ცდილობენ.

კორონავირუსის მორიგი შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით სპეციალისტებს დამაიმედებელი მოლოდინი არ აქვთ. ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტიდან 24 ახალი სინჯია აღებული და არ არის გამორიცხული, კორონავირუსის მორიგი შემთხვევა ლაბორატორიულად ისევ დადასტურდეს.

სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ირანიდან თბილისში ჩამოსული საქართველოს 15 მოქალაქის იზოლაცია განხორციელდა. კავკასიის უნივერსიტეტის 15 კაციანი დელეგაციიდან 10 თვითიზოლაციას სახლში, 5 კი აბასთუმანში გაივლის.

განსაკუთრებული ზომებია მიღებული ირანიდან საქართველოში ჩამომსვლელთა მიმართ. მაგალითად, პირს, ვინც საქართველოს მოქალაქე არ არის და ბოლო 14 დღის განმავლობაში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა, ქვეყანაში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან, საქართველოს მოქალაქეები კი შემოწმების შემდეგ პროტოკოლით გათვალისწინებული წესით სამედიცინო შემოწმებაზე მიჰყავთ.

ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონაში დღევანდელი მონაცემებით, 87 ადამიანია მოთავსებული. 31 მათგანი საჩხერეშია გადაყვანილი, 21 - აბასთუმანში, ხოლო 35 ტუბდისპანსერშია განაწილებული.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან გაწერეს ლიეტუვას მოქალაქე. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამავე საავადმყოფოში "ა" ტიპის გრიპის ნიშნებით ერთი ადამიანი მკურნალობს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსი 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. ახალი შემთხვევის რაოდენობამ ჩინეთში კლება დაიწყო, თუმცა მატებაა ევროპაში.

ახალი დაინფიცირებულების რიცხვი განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიაში იზრდება.

დღის ამბები