საქართველოში ირანის საელჩო, ირანში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შექმნილია კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი და პრეზიდენტის ბრძანებით, ჯანდაცვის მინისტრს დაევალა სასწრაფო ზომების მიღება.
"კურიერს"ირანში მყოფი საქართველოს მოქალაქე დაუკავშირდა, რომელიც ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
"ხუთი დღის წინ ვიყავი გარეთ გასული და ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა. სულ რაღაც 5-6 ადამიანი დავინახე პირბადით მოსიარულე და ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას.
ველოდები კორონავირუსის გადავლას, რომ საქართველოში ჩამოვიდე. მოგიწოდებთ სხვა ქართველებსაც, ვინც საზღვარგარეთ იმყოფებით - დარჩით იქ სადაც ხართ, რადგან თვითმფრინავიდან და აეროპორტიდან უფრო დიდი ალბათობაა, რომ ვირუსი შეგხვდეთ," - აცხადებს ქართველი გოგონა.
ოფიციალური ინფორმაციით, ირანში COVID-19-მა 34 ადამიანი იმსხვერპლა. დასავლური მედია კი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რეალურად, 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო თეირანი ამ სტატისტიკას მალავს.