19 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
"მქონდა ხილვა. მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას" - ილია მეორე 

პატრიარქმა დღეს საკვირაო ქადაგების დროს კორონავირუსის საფრთხეზეც ისაუბრა, მან მრევლს ლოცვისკენ მოუწოდა.

როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ადამიანებს ამ მძიმე სენის არ უნდა შეეშინდეს და არ უნდა დაიბნენ, დღესვე პატრიარქმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

"რა რთულია და ძნელია, გამონახოს ადამიანმა გზა, რომელიც მიიყვანს მას სასუფეველში. რა ძნელია დაინახო თეთრი და შავი, ბოროტი და კეთილი, მაგრამ ეს ცხოვრება, მიწიერი ცხოვრება, მოგვეცა ჩვენ იმისათვის, რომ გამოვიყენოთ, სად შავია და სად თეთრია. 
ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა? ღვთისაგანაა თუ ბოროტისგანაა, ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით, ღვთის ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.

მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დანერწყვა მიწა, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე.
არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი გაძლებისათვის.

დღევანდელი დღე არის განსაკუთრებული დღე. შენდობის დღე. ლოცვაში სწერია, არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. ე.ი. არ არის ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამ სოფლად და ცოდვა არ ჩაიდინოს. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიიყვანს ადამიანს ღვთის სასუფევლამდე," - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

დღის ამბები