19 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად დღეს მაუწყებელში შესაბამისი დოკუმენტი შეიტანეს.

დოკუმენტის რეგისტრაციის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს მედიაციით, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება დაიწყება. იმ შემთხვევაში თუ 21 დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ჟურნალისტებს გაფიცვის უფლება ექნებათ. მანამდე კი, მათ უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი აქვთ. ისინი რედაქტორის თანამდებობაზე ჟურნალისტ ფირუზ ბოლქვაძის დანიშვნას აპროტესტებენ.

მაუწყებელში შექმნილი მდგომარეობა დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის შორენა ღლონტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. 

შორენა ღლონტი მედიის წარმომადგენლებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ პროფკავშირის და ჟურნალისტების დოკუმენტს შეისწავლის, რის შემდეგაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს. თუმცა უკვე ცნობილია, რომ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გიორგი კოხრეიძე აზრს არ ცვლის.

კრიზისი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში უკვე თითქმის თვენახევარია გრძელდება. ჟურნალისტების ნაწილის პროტესტი საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ახალი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებმა გამოიწვია. საინფორმაციო სამსახურის უფროსის შორენა ღლონტის გათავისუფლების შემდეგ, სამსახური რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა.

ავტორი: დავით ცაგარელი

დღის ამბები