20 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობა - სომხეთის პრემიერის ვიზიტი საქართველოში

ნიკოლ ფაშინიანი თბილისს მსოფლიოში კორონავირუსის აფეთქების ფონზე ეწვია. რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტის ერთ-ერთი თემა, სწორედ ინფექციასთან ბრძოლის კოორდინირებული გეგმის შემუშავება იყო. მხარეებმა იმსჯელეს, როგორ უნდა შეუშალონ ხელი ვირუსის მასშტაბების გაზრდას.

სავაჭრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკისა და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს მთავრობის კანცელარიაში, სადაც სომეხ კოლეგას საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ჯერ პირისპირ, მოგვიანებით კი, გაფართოებული შეხვედრის ფორმატში უმასპინძლა.

სომხეთის დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრები. სწორედ ამ მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე გააკეთეს აქცენტი პრემიერ-მინისტრებმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე. 

დელეგაციამ მოგვიანებით შეხვედრა საქართველოს პარლამენტშიც გამართა. აუდიენციას სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი ესწრებოდა. საუბარი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას შეეხო.

რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე იმსჯელეს სომხეთი პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრისას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ვიზიტი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავებას.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო. ნიკოლ ფაშინიანმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ამავე თემაზე
დღის ამბები