25 აპრილი 2024,   01:18
ვრცლად
ნემსი და მარიხუანის მოსაწევი ხელსაწყო - ქუთაისის სკოლის სარდაფში აღმოჩენილი ნივთებით პოლიცია დაინტერესდა

სიგარეტის ნამწვავები, ნემსი, მარიხუანის მოსაწევი კუსტარულად დამზადებული ხელსაწყო ე.წ. ბურბურატორი - ყველა ეს ნივთი ქუთაისში აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლის სარდაფში იპოვეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ამ კადრებით სასწავლო დაწესებულების შიდა სივრცეში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დადასტურდა. 

სასწავლო დაწესებულების სარდაფში მარიხუანის მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულებები ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა. შემდეგ კი სურათები სოციალური ქსელის დახმარებით გაავრცელა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ეს სკოლის ტერიტორიაზე მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების პირველი შემთხვევა არ არის და როგორც მოსწავლეები, ასევე უცნობი პირები დაწესებულების შიდა სივრცეში კანაფს ხშირად მოიხმარენ.

მოსწავლეების მხრიდან მარიხუანის მოხმარების ფაქტს გამორიცხავენ სკოლის ადმინისტრაციაში, სადაც ამტკიცებენ, რომ შენობა სისტემატურად კონტროლდება. განმარტავენ იმასაც, რომ ტერიტორიის სიდიდიდან გამომდინარე, სკოლის ბოლომდე დაცვას ვერ უზრუნველყოფენ, რის გამოც შიდა სივრცეში უცხო პირებს შესვლა არ უჭირთ. დირექტორმა და სკოლის დარაჯმა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს პასუხი უკვე გასცეს.

სკოლაში გამოვლენილი ფაქტის შემდეგ მოსწავლეების მშობლები უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას მოითხოვენ.

ქუთაისის აფხაზეთის მეხუთე საჯარო სკოლაში საშუალო განათლების სულ 129 მოსწავლე იღებს. არ არის გამორიცხული, გამოძიება სკოლის მოსწავლეებითაც დაინტერესდეს და მათგანაც მიიღოს ინფორმაცია სასკოლო დაწესებულებაში კანაფის მოხმარების შესახებ.

დღის ამბები