24 აპრილი 2024,   03:31
ვრცლად
ქვეყანა კონსესუსის მოლოდინში - დათანხმდება თუ არა ოპოზიცია მთავრობის შეთავაზებას

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი, რომელსაც უმრავლესობა ოპოზიციას პროპორციული საარჩევნო სისტემის ალტერნატივად სთავაზობს, რამდენიმე დღეში მზად იქნება. მისივე თქმით, კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება ე.წ. 40%-იანი პრინციპი, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

პრინციპები შესაჯერებელია, თუმცა მმართველი გუნდი უშვებს იმას, რომ ნაწილობრივი კომპრომისის შემთხვევაში, აქამდე გაუხმაურებელი ფორმულა პარლამენტს წარუდგინოს. ამ ფორმულას საზოგადოება 110-40-ზე პრინციპით იცნობს. უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, დოკუმენტი უზრუნველყოფს იმას, რომ:

1) 76 მანდატს 40 და მასზე ნაკლები პროცენტის მხარდაჭერის პარტია ვერ მიიღებს; 

2) საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის 65%-ზე მეტი ხმა და ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგება იქნება საჭირო.

ბარიერის არჩევანი დარჩება ოპოზიციას და ბოლოს ე.წ. ჩამკეტი დათქმული მანდატების რაოდენობაზე მეტის მოპოვების საშუალებას არავის მისცემს.

პრობლემა პრინციპებშია - ამბობს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი. ოპონენტები ხელისუფლებას აქვე აფრთხილებენ, რომ თუ ეს იმგვარი ფორმულაა, რომელიც ორმაგი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა და ციფრებში გადმოთარგმნილი "ჩამკეტიც" "ოცნების" სასარგებლოდ იმუშავებს, მაშინ მათი მხარდაჭერის იმედი ნუ ექნებათ.

თუმცა, პარლამენტში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც თვლიან, რომ შესაძლოა, ხელისუფლებისგან უკეთესი შეთავაზება ვეღარ მოისმინონ და ამ ფორმულას 1%-იანი ბარიერის პირობებში მხარს ხვალვე დაუჭერდნენ. ბარიერზე საუბრის დროს "პატრიოტთა ალიანსი" უფრო მაღალ თამასას აწესებს და გადაწყვეტილების მიღებამდე დოკუმენტის შინაარსის გაცნობას ითხოვს.

პარტია "თავისუფალი საქართველო" ფიქრობს, რომ ხელისუფლების ფორმულას მხარს დაუჭერს. შეთავაზების მხარდაჭერას არ გამორიცხავს "ლელოც," თუ ტექსტში უსამართლო უპირატესობების ნიშნებს ვერ შეამჩნევს. მომდევნო შეხვედრის მოლოდინშია ნინო ბურჯანაძე, რომლისთვისაც კომპრომისულ ვერსიად 120-30-ზე ფორმულა ჩაითვლებოდა.

სახელისუფლებო გუნდი ფიქრობს, რომ მათ მაქსიმუმი გააკეთეს და პატარა პარტიებმა ეს შეთავაზება ხელიდან არ უნდა გაუშვან. მმართველი გუნდი ოპოზიციას იმის გააზრებისკენ მოუწოდებს, რომ კომპრომისი ორმხრივ დათმობას გულისხმობს. "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაზე იმედოვნებს, რომ შეთანხმება შედგება.

ფურცელზე გადატანილ "ოცნების" ინიციატივას საზოგადოება, სავარაუდოდ, მომდევნო კვირის დასაწყისში ნახავს.

დღის ამბები