24 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
გამწვავებული ჰუმანიტარული კრიზისი გალში - კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატს ორმხრივი პნევმონია დაუდგინეს. აფხაზეთში შესვლა აკრძალულია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, გარდა იმ ქვეყნებისა, რომელთანაც თვითაღიარებულ რესპუბლიკას უვიზო რეჟიმი აქვს, ასეთი კი რუსეთია.

ე.წ საზღვარი ჩაკეტილია, რის გამო ყველაზე რთულ მდგომარეობაში გალის რაიონი აღმოჩნდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ შვილებთან ლელა ჯინჯოლავა გადასვლას ვერ ახერხებს. ჭუბურხინჯში მცხოვრებმა ქალმა მცირეწლოვან ბავშვებთან დღეს მხოლოდ პირველადი მოხმარების ნივთების გაგზავნა მოახერხა.

საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა ქვეყანაში კორონავირუსის დაფიქსირების შემდეგ გადაწყვიტა. ენგურის ხიდზე გადასვლა მხოლოდ ენგურჰესის თანამშრომლებისთვის, საგანგებო შემოწმების შემდეგ არის დაშვებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო რეჟიმის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც ავრცელებს. ჟურნალისტების ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზთან მედიკოსები მორიგეობენ და მგზავრებს ამოწმებენ. მოსახლეობა გადასვლის უფლებას საათობით ელოდება, თუმცა უშედეგოდ.

მიმოსვლის აკრძალვის გამო ადგილობრივები საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან პროდუქტის გადატანას ვეღარ ახერხებენ, ამიტომ, ოკუპირებულ რეგიონში ფასები გაიზარდა. ექსპერტები ამბობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ჯანდაცვის სისტემა არ მუშაობს, რის გამოც ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში ნებისმიერ პაციენტს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოუწევს გადმოსვლა. კარანტინის დაწესებით, სპეციალისტების თქმით, საოკუპაციო რეჟიმი გალის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ პრობლემების შექმნას ცდილობს.

აფხაზური მედიის ცნობით, ე.წ. საზღვარი 7 აპრილამდე არ გაიხსნება. საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილებს, ამ ეტაპზე, ახლობლებისათვის მხოლოდ მცირე ამანათებისა და ფულის გაგზავნა შეუძლიათ.

დღის ამბები