24 აპრილი 2024,   07:55
ვრცლად
რა საფრთხე ემუქრება საქართველოს ეკონომიკას კორონავირუსის გამო - სასტუმროებს ჯავშნების 90% უქმდება

ქართული ტურიზმი კორონავირუსის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლის. სასტუმრო "ქინდლი" ერთ-ერთია, სადაც მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჯავშნების დიდი ნაწილი გაუქმებულია, რაც ფინანსურ პრობლემებს ქმნის.

ზარალზე საუბრობენ სასტუმრო "ქრონ პალასშიც." ყველა სასტუმროსთვის ჯავშნების გაუქმებით მიღებული ზარალი სხვადასხვაგვარია. მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის უარყოფითი ეფექტი ყველაზე მეტად იმ სასტუმროებმა იგრძნეს, რომლებიც ტურისტულ ჯგუფებზე მუშაობენ.

კიდევ უფრო საგანგაშოა სპეციალისტების მონაცემები. მათი გათვლებით, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქის მასშტაბით ტურისტების მიერ მარტსა და აპრილში გაკეთებული ჯავშნების 90%-ია გაუქმებული. ჯერჯერობით, სტაბილური მდგომარეობაა საკურორტო ზონებში, სადაც გაუქმებული ჯავშნებისგან მიყენებულ ზარალს შიდა ტურიზმი ავსებს.

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციამ ეკონომიკის მინისტრს წერილით მიმართა. საუბარია სახელმწიფო და კომუნალური გადასახადების რამდენიმე თვეზე გადანაწილებაზე, ასევე, საბანკო სექტორთან შუამდგომლობასა და ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაზე.

ტურიზმის სექტორში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა. მისი დავალებით, დარგის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყება. გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვირუსის შედეგების ზემოქმედებას ეკონომიკაზე სერიოზულად აფასებენ.

რა შედეგი დადგება გლობალურ ეკონომიკაში კორონავირუსის გამო, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სპეციალისტების გათვლებით, თუ ვირუსი პანდემიის სახეს მიიღებს, ამას სერიოზული ფინანსური ზიანი მოჰყვება. ამ ფონზე, ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი წამახალისებელი მექანიზმების ამუშავებაზე საუბრობს.

საქართველოს ეკონომიკა კიდევ ერთ დარტყმას მაშინ მიიღებს, თუ კორონავირუსის გავრცელების ზრდის გამო ჩინეთის და ირანის შემდეგ ფრენები იტალიასთანაც შეჩერდება. ამაზე მთავრობაში მსჯელობენ, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოვლენების განვითარების რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. პოზიტიური გათვლებით, კორონავირუსის გამო მსოფლიო ეკონომიკა შესაძლოა 0,5%-ით შემცირდეს, ნეგატიური სცენარის შემთხვევაში კი, შესაძლოა, შემცირებამ 1,5 % შეადგინოს.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები