19 აპრილი 2024,   12:13
ვრცლად
გადაუვადდება თუ არა მსჯავრდებულ დეკანოზს სასჯელი - გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების მოლოდინშია 

პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე გადაწყვეტილების მოლოდინშია. სავარაუდოდ, 2 კვირაში გაირკვევა, გამოუშვებენ, თუ არა მას ციხიდან დროებით. სასულიერო პირი, რომელსაც 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, თავისუფლებაში იქამდე იქნება, ვიდრე სრულად არ გამოჯანმრთელდება. თუმცა, ამისთვის მას მოსამართლის თანხმობა სჭირდება, რომელმაც პროცესი დღეს არა სასამართლოში, არამედ ციხის საავადმყოფოში ჩაატარა.

რამდენიმესაათიანი სასამართლო პროცესის შემდეგაც, მსჯავრდებული ისევ მოლოდინის რეჟიმშია. გიორგი მამალაძემ ჯერ არ იცის, დარჩენილი თითქმის 6 წლიანი სასჯელის მოხდისთვის შეჩერდება, თუ არა დროის ათვლა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლემ დაკითხა ყველა, ვინც სასულიერო პირის ჯანმრთელობის შესახებ არსებული დასკვნების მომზადების პროცესში მონაწილეობდა. უმრავლესობა ერთ პოზიციაზეა - რომ გიორგი მამალაძეს პენიტენციურ სისტემაში კარგად ვერ მკურნალობენ და მისი მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება.

დამოუკიდებელი სპეციალისტების და ციხის ექიმის არ სჯერა იმ ექსპერტს, რომელმაც კვლევა პენიტენციური სამსახურის დაკვეთით მოამზადა. მან მოსამართლეს დღეს უთხრა ის, რაც 4 თვის წინ დაწერა, რომ გიორგი მამალაძის მხრიდან ადგილი აქვს სიმულაციას.

გიორგი მამალაძის ინტერესს ახალ სამართლებრივ დავაში EMC წარმოადგენს. მათ დღეს ოფიციალური უწყებებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დაადასტურეს, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენელმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. საუბარია რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც გიორგი მამალაძის გამოუცხადებლობა ციხის ადმინისტრაციამ მსჯავრდებულის სურვილით ახსნა.

რამდენიმედღიანი ინტერვალით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გასაჯაროებაზე საუბარი არ ისურვა ბრალდებების ადრესატმა.

გიორგი მამალაძის ოჯახი დარწმუნებულია, რომ კითხვების მსგავსად, ციხის ადმინისტრაცია სამართალს ვერ გაექცევა და მოუწევთ აღიარება, რომ პატიმრისთვის სასჯელის მოხდა გადასავადებელია.

მხარეები საბოლოო პოზიციების შესაჯერებლად 2 კვირიან ვადას გამოიყენებენ. გადაწყვეტილება 17 მარტს გამოცხადდება.

დღის ამბები