16 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანი იკრიბება, შესაძლოა ახალ წესებს დაექვემდებაროს - კორონავირუსის პრევენცია

ჩინეთის და ირანის შემდეგ ავიამიმოსვლა საქართველომ დროებით იტალიასთანაც შეწყვიტა. პირდაპირი ფრენების შეჩერების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების მომატებული საფრთხეა.

გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე მიიღეს.

იტალიაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაუქმებულ რეისებზე ბილეთები შეძენილი ან დაჯავშნილი ქონდათ - საქართველოში მთავრობის დახმარებით დაბრუნდებიან. ამისთვის იტალიაში საქართველოს საელჩოს ელექტრონულ მისამართზე პირადი მონაცემები, პასპორტის, ბილეთების ან ჯავშნის ასლები უნდა გაგზავნონ.

კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკის გამო, მკაცრდება საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის წესები, როგორც საქართველოს მოქალაქის, ასევე ტურისტის შემთხვევაშიც.

თუ პირი ე.წ. რისკის ჯგუფში შემავალი ქვეყნიდან ჩამოდის, ის ვალდებული იქნება 14 დღიან კარანტინს დაექვემდებაროს. ანალოგიური წესები ვრცელდება იმ ტურისტებზეც, ვისაც საზღვრის გადმოკვეთის დროს კორონავირუსზე სპეციალური მეთოდით შემოწმების ცნობა არ ექნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კი, ხელისუფლებებს სამი სცენარისთვის მომზადების რეკომენდაციას აძლევს. ახალი რეკომენდაციების შემუშავებისთვის ემზადება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც.

შესაძლოა ინსტიტუციები, სადაც 50 ან 100-მდე ადამიანი იკრიბება, ახალ წესებს დაექვემდებაროს. სააღმზრდელო პროცესის შეჩერების მოთხოვნა გამკაცრდება კერძო საბავშვო ბაღების მიმართაც.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხემ ტურიზმის სექტორზეც უარყოფითი გავლენა მოახდინა. ვითარების დასტაბილურებამდე დარგი მთავრობას დახმარებას და 2 თვით გადასახადების გადავადებას სთხოვს. გადაწყვეტილება მთავრობის ეკონომიკურმა გუნდა ერთობლივად უნდა მიიღოს.

საქართველოსთან ერთად "კოვიდ19"-მა ფინანსური დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, სპეციალისტები კონკრეტულ ზარალზე ჯერ ვერ საუბრობენ, თუმცა ის სავარაუდოდ რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარია.

ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები