18 აპრილი 2024,   13:14
ვრცლად
აჭარის ტელევიზია მაღალკვალიფიციურ კადრებს კარგავს - პირდაპირი ეთერიდან მოხსნილი წამყვანი სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს

აჭარის ტელევიზია მაღალკვალიფიციურ კადრებს კარგავს. დოკუმენტით ირკვევა, რომ აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას ახალი წამყვანი ეყოლება. ბრძანება ეთერიდან მოხსნის შესახებ უკვე ყოფილმა წამყვანმა გამოშვების დაწყებამდე 20 წუთით ადრე მიიღო. არხის დირექტორი მიზეზად თეონა ბაკურიძის მხრიდან საინფორმაციო სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ასახელებს.

ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა თეონა ბაკურიძისთვის. ტელევიზიის ერთ-ერთი მთავარი სახე საინფორმაციო სამსახურიდან მის ჩამოშორებას არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და შეცვლის მიზეზით ხსნის. 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების ყოფილი წამყვანი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს.

აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის გიორგი კოხრეიძის მორიგი გადაწყვეტილება და თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორება, არც საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს გაჰკვირვებიათ. ახალი ამბების გუნდი გაფიცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღეში მიიღებს, მანამდე კი, მედიაციის პროცესის შედეგებს დაელოდებიან.

უკვე მესამე კვირაა გიორგი კოხრეიძე საინფორმაციო სამსახურში საკადრო ცვლილებებს სხვადასხვა მოტივით ახორციელებს. არხის დირექტორმა, ახალი ამბების სამსახური ჯერ მაია მერკვილაძეს, მისი შტატის გაუქმებით დაატოვებინა, შემდეგ კი, საინფორმაციო სამსახურის უფროსს კონტრაქტი დისციპლინური საქმის საფუძველზე გაუუქმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გუნდს სოლიდარობა რეგიონალური მედიის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. ზუგდიდში, ფოთსა და ქუთაისში დღეს ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

არხის მთავარი გამოშვების წამყვანი ეთერიდან მოხსნის მიუხედევად, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლად რჩება, თუმცა ვინ ჩაანაცვლებს მას ეთერში ეს ტელევიზიის მენეჯმენტს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს. ახალი ამბების 8 საათიანი გამოშვების ახალ წამყვანს, მაყურებელი ეთერში ორშაბათს იხილავს.

დღის ამბები