18 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
ოპოზიცია - შეთანხმება ორი კომპონენტისგან შედგება და ორივე მათგანის შესრულება აუცილებელია

როგორ შესრულდება შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ მიაღწიეს - ოპოზიცია ხელისუფლების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს ელოდება, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზას ოპოზიცია ოფიციალური დოკუმენტით გაწერილი ვალდებულებების შესრულებაში ხედავს. ეს ყველაფერი კი სხვადასხვა პარტიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა ინსტრუმენტი პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად. მიზანი კი ერთია - მშვიდობიანი გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა ერთობლივი განცხადება და ოპოზიციურმა ლიდერებმა მედიასთან განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთეს. ისინი საუბრობენ, რომ პოლიტიკური შეთანხმება ორი კომპონენტისგან შედგება.

ერთი კომპონენტი უშუალოდ საარჩევნო სისტემას მოიცავს და მეორე კომპონენტი მათივე განმარტებით, პოლიტიკური დევნის შეწყვეტასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას. მათი თქმით, ორივე კომპონენტის შესრულება თანაბრად არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულებულად ჩაითვალოს.

"ხელისუფლება წავიდა პროპორციული არჩევნების მიმართულებით, რაც ნიშნავს იმას, რომ ქაჯეთის ციხე დაინგრევა, ქართველი ხალხი გათავისუფლდება, ხელისუფლება მშვიდობიანად საარჩევნო გზებით შეიცვლება და შესრულდება ის, რისთვისაც მთელი ერი ფაქტობრივად ბარიკადებზე იყო გამოსული. ამდენად, ისტორიული დღეა, მე მინდა ყველას მივულოცო ეს, თუმცა არ გვავიწყდება, რომ მოჭრილი შხამიანი გველის თავიც ინსტინქტურად რამდენიმე ხანს კიდევ იკბინება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ იმ თავის გასასრესად, თუ გააღებს პირს კიდევ დასაკბენად," - განაცხადა საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილმა.

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი თანხმდება იმაზე, რომ ერთმანეთთან თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

"მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რაზეც ჩვენ შევთანხმდით არის, რომ ყველა ოპოზიციური პარტია, ვინც აქ იყო წარმომადგენელი, მოაწერს ხელს იმ ორ დოკუმენტს რომელიც ჩვენ ევროკავშირთან შუამდგომლობით გავაკეთეთ. მესამე, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს არის პრინციპული შემადგენელი ჩვენი შეთანხმების და აუცილებლად ასე უნდა მოხდეს. მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხი, რომ კორონავირუსიდან გამომდინარე, მათ შორის 4 აპრილის აქცია, ამ ეტაპზე აღარ ჩატარდება," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" მდივანი თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში კვლავ რჩება მოლოდინი იმისა, რომ 30 მაჟორიტარულ ოლქთან დაკავშირებით სრული შეთანხმება იქნება მიღწეული.

"ახლა ვმუშაობთ იმაზე, რომ შევიმუშაოთ ჩვენი ვერსია ამ 30 ახალი ოლქის საზღვრებისა და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას ასევე ექნება თავის ვერსია და იმედი მაქვს, რომ გარკვეული კონსენსუსის შედეგად მოხდება ასევე შეთანხმება," - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

როგორც პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, დოკუმენტში გაწერილი ყველა ვალდებულებების შესრულებისთანავე ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური ბოიკოტი შეწყდება.

"როცა ეს მუხლი შესრულდება და ჩვენ ამას დავინახავთ, რომ არსებითად სრულდება და იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაშინ რა თქმა უნდა პოლიტიკური ბოიკოტი მოიხსნება," - განმარტა გიგა ბოკერიამ.

დღის ამბები