26 მაისი 2020,   11:52
ვრცლად
კვამლი შეინიშნებოდა გვირაბში, ჰაერი არ გვყოფნიდა და მოვიწამლე - ტყიბულის შახტში მოწამლული მეშახტე

ტყიბულში ხუთი მეშახტე მოიწამლა. ფაქტი ძიძიგურისა და მინდელის შახტის დამაკავშირებელ გვირაბში მოხდა. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ძიძიგურის შახტი დროებით დაიხურა, დასაქმებულებს სამუშაო ადგილამდე მისვლა უფრო საფრთხის შემცველი გზით, მიწისქვეშა სავენტილაციო გვირაბით უწევდათ. ფაქტი დასაქმებულებმა პირველ ეტაპზე გააპროტესტეს, უარი თქვეს სამუშაოს შესრულებაზე, თუმცა მოგვიანებით პირობებს დათანხმდნენ.

"კურიერი" ერთ-ერთ მეშახტეს დაუკავშირდა, რომელიც იხსენებს, რომ სხვა მაღაროელებთან ერთად სავენტილაციო გვირაბის გამოყენებით გადაადგილდებოდა, როდესაც ღია ცეცხლი შენიშნეს, ასევე ადგილზე იყო საკმაოდ მძიმე დაკვამლიანება. მისივე თქმით, ამის შემდგომ შეუძლოდ გახდნენ და რამდენიმე წუთში საჭირო გახდა, სამედიცინო დაწესებულებაში სხვა მაღაროელების დახმარებით გადასულიყვნენ.

"კვამლი შეინიშნებოდა გვირაბში, სპეციფიკური სუნიც ჰქონდა. ჰაერი არ გვყოფნიდა და მოვიწამლე. ცეცხლი იყო შახტაში," - აღნიშნა მეშახტე დათო ბიბილაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მაღაროელი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს,  აღნიშნული სავენტილაციო გვირაბი გადაადგილებისთვის არ უნდა გამოიყენებოდეს. მათ "საქნახშირისგან" თვეების წინ მიიღეს დაპირება, რომ ძიძიგურის შახტაში გამოიცვლებოდა ბაგირი, რომლითაც ზოგადად უნდა გადაადგილდებოდნენ მეშახტეები, თუმცა კომპანიამ ეს დანაპირები არ შეასრულა.

"კურიერი" კომპანიას დაუკავშირდა. "საქნახშირის" დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ბადრი არაბიძე აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს, თუმცა არ იცის, კონკრეტულად რამ გამოიწვია დასაქმებულების მოწამვლა.

"მხოლოდ ისინი არ იყვნენ იქ. 20-30-მა ადამიანმა გაიარა. 5-მა იგრძნო თავი შეუძლოდ. დიაგნოზი არ ვიცი, რა დაუსვა ექიმმა," - განაცხადა "საქნახშირის" დირექტორის მოადგილემ ბადრი არაბიძემ.

 

  

დღის ამბები