24 აპრილი 2024,   06:47
ვრცლად
კორონავირუსის პრევენციის მიზნით განათლების მინისტრმა რექტორებს სტუდენტებთან მუშაობის ონლაინ ფორმატზე გადასვლა მოუწოდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებები გააცნო და მოუწოდა, 16 მარტიდან 1 აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა და საქართველოს მთავრობა 24-საათის განმავლობაში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, სამინისტროს უპირველეს ამოცანას სტუდენტებისა და უნივერსიტეტების პერსონალის ჯანმრთელობაზე ზრუნვა წარმოადგენს. შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტის წინაშე დგას საერთო გამოწვევა - სწავლებაში ელექტრონული მეთოდის გამოყენება. ეს პროცესი კი უნივერსიტეტებს შორის ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების გზით უნდა წარიმართოს. 

"დღეს ჩატარდა რექტორთა საბჭოს სხდომა, სადაც უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს გავაცანით სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ყველა სასწავლებელში არდადეგები გახანგრძლივებულია 1-ლ აპრილამდე და უმაღლესი დაწესებულებების რექტორებს მივეცით რეკომენდაცია, ამ პერიოდში, 16 მარტიდან 1-ლ აპრილამდე, პილოტირების რეჟიმში დაიწყონ სტუდენტებთან მუშაობა ელექტრონული კომპონენტის გამოყენებით.

ეს საშუალებას მისცემს უნივერსიტეტებს, ონლაინსწავლების მეთოდი გააგრძელონ 1 აპრილის შემდეგ ჰიბრიდული ფორმით, როდესაც სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში. და ეს კი, თავის მხრივ, იძლევა იმის გარანტიას, რომ სემესტრი გაგრძელდება არა 15 კვირის, არამედ 1 აპრილიდან 13 კვირის განმავლობაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტებმა ითანამშრომლონ ამ მიმართულებით, რადგან ახლა სწორედ ის დროა, აკადემიური კოლეგიალობა გამოვიჩინოთ, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ უნივერსიტეტს წარმოადგენს.

მე ყველა რექტორს აღვუთქვი მზაობა, სამინისტრო იქნება მათ გვერდით, რათა ეფექტიანად დანერგონ ონლაინსწავლების კომპონენტი," - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დღის ამბები