24 აპრილი 2024,   05:23
ვრცლად
სოციალური უპასუხისმგებლობის ფაქტები - პოლიციამ თვითიზოლაციას გაქცეული 10 მოქალაქე დააკავა

ვირუსის გავრცელების შესაძლო წყარო, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა წესების დარღვევის გამო იძულებით კარანტინში მოხვდა. ქვეყნის მასშტაბით დღის განმავლობაში სულ ასეთი 10 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა მათგანი, ამ დროისთვის, იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული. სხვის ჯანმრთელობას შესაძლო საფრთხე შეუქმნა და თვითიზოლაციის წესი სულ 22-მა ადამიანმა დაარღვია.

ზურაბ კვეტენაძე იმ ინციდენტს იხსენებს, რომელიც მის ბინაში მცხოვრებ ტურისტებსა და მეზობლებს შორის მოხდა. ადგილობრივების უკმაყოფილება მათ კორპუსში პოლონელი ტურისტების დაბინავებამ გამოიწვია. სასიკვდილო ვირუსით შეშინებულებმა უცხო ქვეყნის 7 მოქალაქეებს საცხოვრებელი კორპუსის დატოვება მოთხოვეს.

ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პოლონელმა ტურისტებმა ქვეყანა დაგეგმილზე ადრე დატოვეს. დღის ბოლოს, კი ავიაკომპანია Wizz Air-მა კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. ფრენები ხვალიდან სწორედ პოლონეთის მიმართულებით შეჩერდება.

უკვე რამდენიმე დღეა COVID-19-თან ბრძოლაში აქტიურად არის ჩართული ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოც. ვირუსის დასადგენი ანალიზების აღება ახლა უკვე ადგილობრივ ლაბორატორიაშიც არის შესაძლებელი. კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შეყვანილი 11 პაციენტიდან, ვირუსი არცერთ შემთხვევაში დადასტურდა. ექიმის თქმით, პაციენტების უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს.

48 მოქალაქე აგრძელებს კარანტინში ცხოვრებას წყალტუბოში. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, სანატორიუმიდან ტემპერატურის მატების გამო, კლინიკაში ოთხი პირი გადაყვანა გახდა საჭირო. მათ ამ დროისთვის შემოწმება უტარდებათ. სანატორიუმში მოხვდა ის სამი პირიც, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს. 

მინსკი-ბათუმის რეისის ერთი მგზავრი მოხვდა ბათუმის საკარანტინო ზონაში. ახალგაზრდა ქალი, რომელიც იტალიაში სწავლის მიზნით იმყოფებოდა, ბათუმში დილის 5 საათზე ჩაფრინდა. ზღვისპირა ქალაქის საკარანტინო ზონაში 30-ზე მეტი პირია მოთავსებული.

კვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს საფრანგეთიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს თელავში. სპეციალისტები 50-მდე მგზავრს საინკუბაციო პერიოდის გასვლამდე დააკვირდებიან. ყველა მათგანი ერთ შენობაშია მოთავსებული, სადაც 14 დღის განმავლობაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. კახეთის მასშტაბით თვითიზოლაციაში 82 ადამიანია.

კარანტინში მოხვედრილი ყველა პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია საჩხერეში. ეპიდემიოლოგები და ინფექციონისტები მათზე 24-საათიან ზედამხედველობას ახორციელებენ. მედიკოსების ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არც ერთ მათგანს არ აღენიშნება. დამაკმაყოფილებელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ისინი საავადმყოფის ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.

ქვეყნის მასშტაბით კარანტინის ზონაში, დაკვირვების ქვეშ სულ 439 ადამიანი იმყოფება.

დღის ამბები