19 აპრილი 2024,   22:06
ვრცლად
საქართველო მეზობლებთან სახმელეთო საზღვრებს კეტავს - მიმოსვლა მოქალაქეებისთვის 4 მიმართულებით აიკრძალა

საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანასთან სახმელეთო საზღვარს კეტავს. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსეთ-საქართველოს შორის მოქალაქეების გადაადგილება ხვალიდან აიკრძალება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთბრუნვაზე.

დროებითი რეჟიმის ამოქმედებაზე პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე და ე.წ. პრაღის ფორმატის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი შეთანხმდნენ. სატელეფონო საუბარი პრემიერის დავალებით შედგა.

ქვეყანაში სახელმწიფო უწყებები მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, უსაფრთხოების ზომები სულ უფრო მეტად მკაცრდება. სახმელეთო საზღვარი დღეს უკვე ჩაიკეტა თურქეთთან. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ფიზიკური პირების მიმოსვლა შეიზღუდა, თუმცა ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები. ახალი რეგულაცია ჯერჯერობით არ ეხება სატვირთო გადაზიდვებს.

სახმელეთო საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტილია კიდევ ორ მეზობელ ქვეყანასთან - სომხეთსა და აზერბაიჯანთან. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმოსვლა მხოლოდ ლაგოდეხისა და წითელი ხიდის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით არის შესაძლებელი. ორივე მხარე მხოლოდ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებლად შესვლას უზრუნველყოფს. 

სახმელეთო საზღვართან ერთად რეგულაციები შეეხო საჰაერო სივრცესაც. უმსხვილესი საერთაშორისო ავიაკომპანიები "თურქეთის ავიახაზები" და "პეგასუსი" 9 ქვეყნის მიმართულებით 17 აპრილამდე ფრენებს აჩერებენ.

ოფიციალური ანკარის გადაწყვეტილებით, თურქეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 20 მარტიდან გაუქმდება. ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებას მართავს კომპანიებთან, რომ მათ უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნება და მათთვის ალტერნატიული მარშრუტების შეთავაზება. სწორედ ეს იყო მთავარი თემა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლების ხელმძღვანელებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელიც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ჩაატარა.

3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს ავიაკომპანია "ვიზიეარიც"  - ესპანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და ავსტრიის მიმართულებით. საერთაშორისო რეისებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკებიც.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეპიდაფეთქებით ზონაში მოქცეულ ქვეყნებში რჩებიან და სამშობლოში დაბრუნება სურთ, უნდა დაუკავშირდნენ ადგილობრივ საკონსულოებს, რომლებიც მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტრო და საელჩოები სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე გამოაქვეყნებენ საერთაშორისო ფრენების ცხრილს და ინფორმაციას იმ საერთაშორისო რეისებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ სრულდება.

კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ყოველდღიურად მკაცრდება ზომები საზღვრებზე. საქართველოში ჩამოსულ მოქალაქეებს თერმოსკრინინგით სასაზღვრო პუნქტებზევე ამოწმებენ. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ზომები გამკაცრდა შვეიცარიიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან შემოსული მოქალაქეებისთვისაც.

აქამდე მსგავსი შეზღუდვები მოქმედებდა რვა ქვეყნისთვის: ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და ავსტრია. ამ ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები პირდაპირ 14 დღიან სავალდებულო საკარანტინო ზონებში გადადიან.

დღის ამბები