24 აპრილი 2024,   19:54
ვრცლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში ახალი წესები და სტანდარტები დაწესდა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ქვეყანაში ახალი წესები და სტანდარტები დაწესდა. სკოლები, სახელმწიფო უწყებები, მომსახურეობის სფეროები ელექტრონული სწავლებისა და დისტანციური ურთიერთობის მეთოდზე გადავიდნენ.

ბაღები, რომლებსაც აღმზრდელობითი ფუნქციის გარდა გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობაც აქვთ, 61 000 ბავშვს მათთვის განკუთვნილი საკვების სახლში მიტანით უზრუნველყოფენ. საუბარია იმ არამალფუჭებად პროდუქტებზე, რომლებიც სააგენტოს შესყიდული ჰქონდა და არდადეგების გამოცხადების შედეგად ვეღარ გამოიყენეს.

მცირეწლოვნების პროდუქტებით უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიცია. პარტია "ევროპული საქართვლოს" ინფორმაციით, კვების რაციონის უზრუნველყოფის მოთხოვნით მათ მშობლებმაც მიმართეს. ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ ხუთშაბათიდან სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად საკვებით დანარჩენ მოზარდებსაც მოამარაგებენ.  

საგანგებო რეჟიმის პერიოდში ელექტრონული სწავლების მოდელზე გადადიან სკოლები. პირველ აპრილამდე სასწავლო პროცესის შეწყვეტისა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, განათლების სამინისტრომ ახალი გეგმა შეიმუშავა. გეგმის ფარგლებში, მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ერთ-ერთი ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალება ვირტუალური საკლასო ოთახია. 600 000 მოსწავლე და 60 000 მასწავლებელი დისტანციურად იკონტაქტებენ

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ერთიანი მომსახურების ცენტრი მოქალაქეებს დისტანციურად მოემსახურება. 16 მარტიდან თბილისსა და რუსთავში ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მიღება-გადამოწმება მოქალაქეებს შს სამინიტროს 50-მდე სერვისცენტრში მისვლის ნაცვლად ტელეფონის და ელექტრონული ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება როგორც სახელმწიფო უწყებებში, ასევე თბილისის მერიის დაქვემდებარებულ სერვისცენტრებში. 

დასუფთავდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა და გარე პერიმეტრი, დეზინფექცია ჩატარდა მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში.

დედაქალაქის მასშტაბით დეზინფექცია უტარდება მიწისქვეშა გადასასვლელებს,საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მუშაობის ელექტრონულ სისტემაზე გადავიდა რეგიონული უწყებებიც.

დღის ამბები