24 აპრილი 2024,   02:54
ვრცლად
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ ჩვენთან შემოსვლა - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი  

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხვალიდან იკრძალება. საერთაშორისო ავიაკომპანიებს შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიეწოდათ.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვეულებრივ ისარგებლონ იმ ფრენებით, რომლებიც ჯერჯერობით სრულდება. ადამიანებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნების სურვილი ექნებათ, ის ავიარეისები უნდა გამოიყენონ, რომელსაც საქართველოს ავიახაზები ახორციელებს. 

"სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ამ გადაწყვეტილების თაობაზე ავიაკომპანიების ინფორმირებას ახდენს. როგორც ასეთი, საავიაციო მიმოსვლა არ შეწყვეტილა. აქცენტი გაკეთდა "ჯორჯიან ეარვესის" რეისებზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ინფორმაციით, ეს კომპანია დადასტურებულად აპირებს რეისების გაგრძელებას, რაც შეეხება სხვა კომპანიებს, გვაქვს ინფორმაცია, რომ 20 მარტის ჩავთვლით თურქეთის ავიახაზები განაგრძობს ფრენებს, ასევე სხვა კომპანიები დაფრინავენ - ეგეოსის ავიახაზები ათენის გავლით. ჯერ კიდევ არის "ფლაი დუბაის" ფრენები ჯერჯერობით, თუმცა ვნახოთ კომპანიები როგორ მიიღებენ თავის განრიგებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეზღუდებათ ჩვენთან შემოსვლა, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ჩვეულებრივად ისარგებლონ იმ ფრენებით, რა ფრენებიც ჯერჯერობით სრულდება," - განაცხადა ლევან კარანაძემ.

არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, რომლითაც ისარგებლებენ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციის წევრები; ასევე ოჯახები, სადაც ერთ-ერთი მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი საქართველოს მოქალაქეა.

 

დღის ამბები