20 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
მიმოქცევიდან შესული ბანკნოტები 14 დღის მანძილზე სპეციალურ განყოფილებაში შეინახება და მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემა - სები

ეროვნული ბანკი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის სპეციალურ ღონისძიებებს მიმართავს. კერძოდ, მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და 14 დღის განმავლობაში შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, მათი გაცემა მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდება.

"მსოფლიოსა და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების შესაბამისად, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შემცირების მიზნით, ეროვნული ბანკი 16 მარტიდან, მუშაობის ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 50 პროცენტი დისტანციურად, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის საშუალებით ასრულებს საკუთარ მოვალეობას.

ამავდროულად, ყოველდღიურ რეჟიმში ხორციელდება ეროვნული ბანკის როგორც ცენტრალური და დამხმარე ოფისების, ისე საკასო ცენტრის სადეზინფექციო წესით დამუშავების პროცედურა.

ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება ლარის ბანკნოტებსა და მონეტებთან მიმართებაში შემდეგი სახის საკარანტინო ზომებთან დაკავშირებით - მიმოქცევიდან შემოსული ლარის ფულის ნიშნები საკასო ცენტრში განთავსდება და შეინახება ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას 14 დღის განმავლობაში და მათი გაცემა მოხდება მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ.

ამ პერიოდში, ეროვნული ბანკი საზოგადოებასთან კომუნიკაციას დისტანციურად ვებ პლატფორმითა და ონლაინ კონფერენციის მეშვეობით აწარმოებს.

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს გაიმართება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა, რომელზეც კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით.

ასევე, 1-ლი აპრილის ჩათვლით, მუშაობას წყვეტს ფულის მუზეუმი ყვარელში, ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების პროდუქციის რეალიზაციას მხოლოდ ელექტრონული მაღაზიის საშუალებით მოახდენს," - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დღის ამბები