02 ივნისი 2020,   11:49
ვრცლად
დაცარიელებული ქუჩები და ცენტრალური მოედნები - რას ყვებიან "კურიერთან"  უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები  

იტალია კარანტინის რეჟიმში ცხოვრებას განაგრძობს. ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა  ვალდებულებასთან ერთად უკვე ჩვევად იქცა.

იზოლაციის მიუხედავად, ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი არ არსებობს. მაღაზიაში მოქალაქეებს რიგრიგობით უშვებენ. ხმაურიანი იტალიელები საკუთარ რიგს ახლა ჩუმად ელოდებიან. 

მასშტაბურმა ეპიდემიამ შეცვალა რელიგიური რიტუალების გამართვის ადგილიც. წმ. ნიკოლოზის სახელობის ქართული სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი მოსე ჭანკვეტაძე წირვას საკუთარ საცხოვრებელ სახლში აღავლენს.

ამკრძალავი ლენტებით შემოსაზღვრული საბავშვო მოედნები და სკვერები, დაცარიელებული ქუჩები - ვირუსი თანდათან ძლიერდება ესპანეთშიც, აიკრძალა შეკრებები და ხელისუფლებამ მოქალაქეებს სახლში დარჩენა მოსთხოვა. ქვეყანაში უკვე მესამე დღეა კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. 

ვირუსი ძლიერდება გერმანიაშიც, აიკრძალა მუნიციპალურ ტრანსპორტში მძღოლთან მიახლოება, ბილეთების შეძენა მხოლოდ სპეციალური აპარატების საშუალებითაა შესაძლებელი. 

სტამბულში, ტურისტების საყვარელი ადგილი ტაქსიმი ახლა თითქმის ცარიელია. კორონავირუსის გამო მოქალაქეები ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებენ, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა არ გამოცხადებულა, თუმცა 15 აპრილის ჩათვლით შეწყდა სწავლა, აიკრძალა სპორტული და სხვა მასშტაბური ღონისძიებები, ხელისუფლებამ სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობისკენ მოუწოდა.

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი ბექა პატურაშვილი ამბობს, რომ ქალაქში არ არის პანიკა, ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

ჰოლივუდის ფანტასტიკური ჟანრის ფილმების სცენარი დღეს რეალობად იქცა ამერიკაში. როგორც ქართველი ემიგრანტი გიგი გაგუა ნიუ-იორკის შუაგულიდან გვიყვება, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე დაცარიელებულ მანჰეტენს საკუთარი თვალით ნახავდა.

შექმნილი ვითარების გამო ნიუ-იორკში სამუშაო საათებიც შემცირდა, კომპანიების დიდმა ნაწილმა თანამშრომლებს ერთკვირიანი შვებულების აღების ან დისტანციურად მუშაობის უფლება მისცა. 

კორონავირუსმა ჩინეთისა და ირანის შემდეგ, ყველაზე ცხელ წერტილად იტალია აქცია. იტალიელები აღიარებენ, რომ მასშტაბური ეპიდემია და კრიზისი მოქალაქეების ზერელე დამოკიდებულებამ გამოიწვია. 

 

დღის ამბები