29 მაისი 2020,   04:54
ვრცლად
საქართველოში მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო 20 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას დროებით აუქმებს. ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე განთავსდა. გადაწყვეტილება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღეს. 

ახალი რეგულაციების თანახმად, საქართველოს მასშტაბით მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში უქმდება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე;

უწყების ცნობითვე, იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები.

"რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ ცნობებს, ნასამართლობის შესახებ ცნობის მისაღებად განაცხადი მიიღება მხოლოდ ელექტრონული წესით, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge), დამზადებული დოკუმენტის გაცემა მოხდება განაცხადის შევსებისას მითითებულ ფილიალში. ხოლო სხვა ცნობების მისაღებად, განაცხადის შევსება შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ფილიალებში.

20 მარტიდან, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტის და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად.

ასევე დროებით ვერ მოხდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვის ცენტრების მიერ მომსახურების გაწევა.

ამასთან, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისგან.

აქვე გაცნობებთ, რომ დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 19, 24, 26 და 28 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება," - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

დღის ამბები