28 მაისი 2020,   01:07
ვრცლად
ურჩი მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება - რა ჯარიმები ამოქმედდება მათთვის, ვინც თვითიზოლაციას დაარღვევს

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის დღეს საკარანტინო ზონაში იძულებით 28 ადამიანი გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჯგუფები მკაცრი მონიტორინგის რეჟიმში მუშაობენ, ურჩი მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. დღეს, გუშინდელთან შედარებით, სახელმწიფოს მითითებას 6 ადამიანით მეტი არ დაემორჩილა.

მომავალი კვირიდან კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევა მკაცრად დაისჯება. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ურჩი მოქალაქეების ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს.

თუ მოქალაქე დადგენილ წესებს დაარღვევს, ჯარიმა 3000 ლარი იქნება, იურიდიული პირის შემთხვევაში სანქცია უფრო სოლიდურია და 15 000 ლარს შეადგენს. განმეორების შემთხვევაში დანაშაული ითვალისწინებს შინაპატიმრობას 6 თვიდან ერთ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლით. საკანონდებლო ცვლილებებს მხარს უჭერს ოპოზიცია, მათ შორის დამოუკიდებელი დეპუტატები. კანონმდებლები ამბობენ, რომ მიზანი მოქალაქეების დასჯა კი არა, საზოგადოებრივი უსაფრთხოებაა.

თვითიზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისათვის კანონმდებლობის გამკაცრებას ეთანხმება ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია. დეპუტატები ამბობენ, რომ განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ. კენჭისყრისას კი მმართველ გუნდს, ოპოზიციის ხმები კანონის მისაღებად არ ესაჭიროება.

პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, დაჩქარებული წესით ორშაბათიდან დაიწყებს. სესიაზე საკითხი რიგგარეშე სხდომებზე გავა. სანქციები ძალაში კი სავარაუდოდ, 27 მარტიდან შევა.

დღის ამბები