24 აპრილი 2024,   17:36
ვრცლად
პროდუქტების ფასების შენარჩუნება, პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა - რა საკითხებზე მუშაობს უწყებათაშორისი კომისია

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო ბიზნესთან კონსულტაციები, რათა 7 უმთავრეს პროდუქტზე იქნეს შენარჩუნებული ფასები და ფასების მერყეობა მოქალაქეებზე არ იყო ასახული. 

ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, რძის ფხვნილი და რძის ფხვნილისგან წარმოებული პროდუქტები. ეკონომიკური გუნდის მინისტრებს დაევალათ, შეიმუშაონ გეგმა კორონავირუსით დაზარალებული დარგების მხარდაჭერისა და ეკონომიკის სექტორების სტიმულირებისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დაწყებულია დისკუსია ფინანსური დახმარების მიღებასთან დაკავშირებით.

რომ არა კორონავირუსი, ამ პროდუქტებზე მოთხოვნა ისეთივე იქნებოდა, როგორც სულ მცირე 1 თვის წინ, ანუ არაფრით განსხვავებული. თუმცა შიშმა მოსახლეობის დიდ ნაწილს დამატებითი ზომებისკენ უბიძგა,ისეთისკენ, რომელიც ამ მოცემულობაში აუცილებლობად არ მიიჩნევა. მეტიც, პრობლემებს ქმნის.

"პროდუქტების მარაგი არსებობს, შიშის საფუძველი კი არა" - ამტკიცებენ მთავრობაში და იმ 7 პროდუქტის ფასების კონტროლს იწყებენ, რომელმაც გაზრდილი მოთხოვნისა და არაკეთილსინდისიერი ბიზნესის პირობებში შესაძლოა ცვლილებები განიცადოს. ბრინჯი, მაკარონი, ზეთი, ფქვილი, რძის ფხვნილი, შაქარი და ხორბალი - ის პროდუქტებია, რასაც მოსახლეობა ბოლო პერიოდში აქტიურად იმარაგებს.

პანიკური და უკონტროლო შესყიდები ბაზარზე ფასების რყევას იწვევს,რაც საბოლოოდ ისევ მოსახლეობას აზარალებს. სწორედ ამიტომ მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს საფრთხეებს ადეკვატურად შეხედონ და ნუ აქვთ იმის განცდა, რომ სურსათის უზრუნველყოფის კუთხით პრობლემა შეიქმნება.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დღეს აღნიშნა, რომ დამატებითი მარაგი გზაშია, კლიმატურმა პირობებმა კი მისი მოწოდება მხოლოდ რამდენიმე დღით შეაფერხა. მინისტრი აცხადებს, რომ რთული სცენარის პირობებშიც კი, სურსათის მომარაგება და გადაზიდვები არ შეფერხდება. მითუმეტეს, რომ გაზაფხულზე სასურსათო კალათა ადგილობრვად მოყვანილი ხილითა და ბოსტნეულით ივსება. მთავრობა ამ ეტაპზე ღია ბაზრების დაკეტვის აუცილებლობასაც ვერ ხედავს. მათთვის კი, ვინც ვითარებით ბოროტად სარგებლობს, სპეციალურ ზომებს აანონსებს.

ის, რომ ბიზნესის ნაწილმა სირთულეების სათავისოდ გამოყენება დაიწყო, ამაზე უწყებათაშორის კომისიაზე საქართველოს პრემიერმაც ისაუბრა. თუმცა, მისივე ინფორმაციით, უფრო მეტად ბიზნესმა პასუხისმგებლიანი მიდგომა აჩვენა, რამაც საბოლოოდ სპეციალური პლატფორმის შექმნის აუცილებლობა გააჩინა, სადაც ბიზნესი მოქალაქეების მდგომარეობის შესამსუბუქებლად კონკრეტულ ინიციატივებს წარადგენს. ამ ყველაფერს თავს ბიზნესომბუდსმენი მოუყრის.

სწორედ ადგილობრივი კომპანიები დაიწყებენ ხვალიდან მრავალჯერადი პირბადეების დამზადებას - ამის შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა განაცხად. ნათია თურნავას ინფორმაციით, ამაში 10-მდე სამკერვალო კომპანია ჩაერთვება, ნაწილი უანგაროდაც კი. მინისტრის თქმით, ახლა ადგილობრივი წარმოების გააქტიურება იწყება, თუ კონკრეტულად რა პროდუქტებს შეეხება იგი, ამას მომდევნო უწყებათაშორისო კომისიაზე შეაჯერებენ.

უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად, მინისტრის თქმით, სუბსიდირებაცაა გეგმაში. მართალია რეისი უფასო არ იქნება , თუმცა იქნება ხელმისაწვდომი - აცხადებს თურნავა. 

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს პოსტკრიზისული გეგმის წარმოდგენაც დაევალა, რომ კორონავირუსული პანდემიის გადალახვის შემდეგ, ქვეყანამ კონკურენტულ რეჟიმში გააგრძელოს ცხოვრება. სიახლეა ისიც, რომ დამზღვევ ზომად მთავრობამ მედიასთან კომუნიკაციის ფორმაც შეცვალა, ამიერიდან კითხვებს მთავრობის პრესსამსახური მიიღებს, პასუხებს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთო სიგნალის მეშვეობით გავიგებთ. ამოქმედდა სპეციალური ზომები უფროსი თაობისთვის.

დღესვე მონეტარულ კომიტეტის შეხვედრის შემდეგ პარტნიორი დონორების დახმარებით თანხების მობილიზებაზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ქვეყანას გამოწვევებთან გასამკლავებელი ყველა რესურსი აქვს და მუშავდება ანტიკრიზისული ღონისძიებების ჩარჩოც. ტურიზმი და ნავთობი - ის სფეროებია, სადაც ყველაზე დიდ დარტყმას ელოდებიან.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭო სამართალდაცვით ჯგუფსაც შეხვდა, სადაც საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად დამატებით ზომებზე იმსჯელეს, იმ ადამიანებისთვის, ვინც თვითიზოლაციის რეჟიმს უპასუხისმგებლოდ ეკიდება და გარშემომყოფებს საფრთხის წინაშე აყენებს.

დღის ამბები