26 მაისი 2020,   11:23
ვრცლად
მოხერხდება თუ არა დისტანციური სწავლების მოდელის დანერგვა - საგანმანათლებლო დაწესებულებები სიახლისთვის ემზადებიან

ახალი კორონავირუსის საფრთხის მიუხედავად, უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგენილია, თუმცა დისტანციურად. მეორე ნაწილი კი ჯერ პროცესის აღდგენის მოდელზე მუშაობს. ამ შემთხვევაშიც, საუბარია დისტანციურ და სინქრონულ ლექციებზე ინტერნეტის მეშვეობით. სწავლების ანალოგიურ მეთოდს იყენებს საშუალო განათლების კერძო სექტორი. რაც შეხება საჯარო სკოლებს, მათმა ნაწილმა დისტანციური სწავლების სტილი უკვე აითვისა, ნაწილი კი მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის დასანერგად ახლა ემზადება.

სასწავლო პროცესის შეჩერების შემდეგ სკოლა "ერუდიტმა" განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და სწავლების სრულიად ახალ სისტემაზე გადავიდა. მოსწავლეები სწავლას, პედაგოგები კი სწავლებას სახლიდან, ონლაინრეჟიმში აგრძელებენ.

საშუალო განათლების მიღების პარალელურად, სწავლის გაგრძელების საშუალება აქვთ უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებსაც. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მსგავსად, თითქმის ყველა კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება დისტანციური და სინქრონული სწავლების მეთოდზე უკვე გადასულია.

დისტანციური სწავლების პრაქტიკა უკვე დაინერგა სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების ნაწილშიც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, რომელმაც სასწავლო პროცესი არ შეაჩერა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მეთოდები დანერგა.

სწავლების დისტანციურ მეთოდზე გადასვლისთვის ამზადებენ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტს. ადმინისტრაცია ამ დროისთვის სალექციო კურსების ჩაწერასა და დამუშავებაზე ზრუნავს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაცია გაითვალისწინა და გარკვეული სასწავლო კურსები შემუშავდა საჯარო სკოლების ნაწილშიც. ერთ-ერთი ასეთია ზუგდიდის მერვე საჯარო სკოლაა, სადაც პედაგოგები სასწავლო პროცესის შეჩერების პარალელურად, საკუთარ მოსწავლეებს ინტერნეტით ამეცადინებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით სასწავლო პროცესი 1 აპრილამდეა შეჩერებული, თუმცა, მთავრობის მეთაური კორონავირუსის გავრცელების გამო, არ გამორიცხავს, რომ ეს თარიღი კიდევ ერთხელ გადავადდეს. გიორგი გახარიას თქმით, დისტანციური სწავლების მეთოდი, რეგიონებში პრობლემას წარმოადგენს, ერთ-ერთი მიზეზი კი, რიგ შემთხვევებში, ინტერნეტთან წვდომის არარსებობაა.

ახალ ვირუსთან, COVID-19-თან ბრძოლის პარალელურად, მსოფლიო სწავლების ახალ მეთოდს უფრო აქტიურად იყენებს.

დღის ამბები