18 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
ზიარების ძველი წესი და სააღდგომო ლიტურგია ღია ცის ქვეშ - თეოლოგები COVID-19-ის გამო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ

ხვალ საპატრიარქოში სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება. მაღალი იერარქიის სასულიერო პირები იმ ღონისძიებების შესახებ იმსჯელებენ, რომელიც ქართულმა ეკლესიამ COVID-19-ის წინააღმდეგ უნდა გაატაროს. მათ შორის საუბარი იქნება ზიარების წესზე და შექმნილ ვითარებაში ზოგადად ეკლესიურ ცხოვრებაზე. ამ საკითხებზე, საპატრიარქოს ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირებს მიმართავს, კორონავირუსის ეპიდემიაზე პირადი მოსაზრებების გამოთქმისგან თავი შეიკავონ და სინოდის სხდომას დაელოდონ.

ზიარების წესის  და საეკლესიო მსახურების გარკვეული ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობენ თეოლოგები და ანალიტიკოსებიც.

"ქრისტიანობაში ადამიანია უმაღლესი ფასეულობა და ადამიანის უსაფრთხოებისა და მისი ცხონებისთვის კეთდება ყველაფერი. სააღდგომო მსახურებას უკვე საუბრობენ, რომ იქნება ღია ცის ქვეშ, თუკი პიკი მოხდა აპრილის შუა რიცხვებისთვის. ლიტურგიკული მსახურების შეჩერება არ შეიძლება ამას ვერავინ აკრძალავს, დევნის პერიოდი ხომ არ არის, ფორმა შეიცვლება და შეიცვლება გარემო სადაც ის უსაფრთხო იქნება," - განაცხადა სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა გოჩა ბარნოვმა.

თავყრილობების თავიდან არიდებას ურჩევს ეკლესიის მესვეურებს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

"არსებობს ზიარებასთან დაკავშირებული წესი, ძველი წესი, შესაძლებელია ამ წესის დაბრუნება, თავყრილობები იქნას არიდებული, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ ღვთისმსახურება არ იმართებოდეს, მაგრამ ამ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ უშუალოდ ეკლესიის მესვეურებმა და აქ მრევლი არ უნდა იყოს აქტიურად ჩართული,"- აღნიშნა გოჩა მირცხულავამ.

დღის ამბები