26 მაისი 2020,   11:39
ვრცლად
იძულების წესით კარანტინში 127 ადამიანია გადაყვანილი - ურჩი მოქალაქეების მიმართ გამკაცრებული სანქციები ძალაში 27 მარტიდან შევა

თვითიზოლაციის წესის დამრღვევი პირის თითქმის 24-საათიანი თავისუფლება იძულებითი კარანტინით დასრულდა. თბილისი-ზუგდიდის მიკროავტობუსიდან გაქცეული, რამდენიმე დღის წინ უცხოეთიდან დაბრუნებული მგზავრი, პოლიციელებმა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სპეციალური ავტომანქანით ბათუმში მდებარე საკარანტინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად პოლიციასა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალისტებს ყოველდღიურად თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ათეულობით ადამიანი გადაჰყავთ იძულებით კარანტინში. წესების დამრღვევებს აკითხავენ სახლებში, აჩერებენ ქუჩებში და სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან საკარანტინო დაწესებულებებში მიჰყავთ. თვითიზოლაციის წესი დაარღვია თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით,  გერმანიიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და გარშემომყოფებისგან თავის არიდების ნაცვლად საბავშვო პარკში ბავშვებთან და მეზობლებთან კონტაქტობდა. პრევენციის მიზნით, შეამოწმეს მისი დედა, ძმა, რძალი და სამი მცირეწლოვანი ძმისშვილი.

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 10-მდე საკარანტინო ზონაა მოწყობილი, საერთო ჯამში კი იძულების წესით კარანტინში 127 ადამიანია გადაყვანილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც წესრიგის დაცვაში უშუალოდ პოლიცია ჩაერთო, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. 

მხოლოდ იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტონო ზონებში ამ დროისთვის 248 მოქალაქე იმყოფება. საჩხერეში 30 ადამიანია , საირმეში 100, წყალტუბოში კი 118 პირია მოთავსებული. კარანტინში მოთავსებულთა ნაწილი თვითიზოლაციაში გადასასვლელად ემზადება. დაგეგმილია ახალი საკარანტინო ზონის მოწყობა და პერსონალის გადამზადებაც.

მოქალაქეებს, ვინც საკარანტინო ზონას დატოვებს და თვითიზოლაციაში გადავა, სახლში დარჩენისკენ და წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს მთავრობა. გამკაცრებული შეზღუდვების მიუხედავად ათეულობით ადამიანი დადგენილ წესებს არღვევს და საკუთარ თავთან ერთად საფრთხეს გარშემომყოფებსაც უქმნის.

COVID19 -ის გავრცელების თავიდან აცილების და რისკების შემცირების ერთ-ერთი საშუალება სწორედ სპეციალისტების რეკომენდაციების შესრულებაა. თუმცა იმის გამო, რომ ურჩი მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება მომავალი კვირიდან კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევა მკაცრად დაისჯება. მითითებული ნორმების დარღვევისთვის ფიზიკურ პირს, შესაძლოა, 3000 ათასი - იურიდიულ პირს კი 15 ათასი ლარის გადახდა მოუწიოს. განმეორების შემთხვევაში კი დანაშაული შინაპატიმრობას 6 თვიდან ერთ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლით ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. 

კანონპროექტის განხილვას პარლამენტი დაჩქარებული წესით ორშაბათიდან დაიწყებს. საკითხს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ. სანქციები კი ძალაში, სავარაუდოდ, 27 მარტიდან შევა.

დღის ამბები