20 აპრილი 2024,   17:30
ვრცლად
COVID-19 და საზღვარგარეთ დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები - რას გეგმავს ხელისუფლება 

ესპანეთში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. 74 წლის ქალს COVID-19-ის გარდა, რამდენიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. საქართველოს დიპლომატიური უწყების წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. ცხედრის გადმოსვენება ამ ეტაპზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ვერ ხერხდება.

კორონავირუსით არიან ინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ ადამიანების აღრიცხვა, მათ მიერ საკონსულოებისთვის მიმართვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

დახმარების თხოვნით მიმართავენ ემიგრანტები საქართველოს მთავრობას მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. მათთვის სამშობლოში დასაბრუნებელი გზა სასაზღვრო კონტროლის გამკაცრების შემდეგ გაურკვეველი ვადით ჩაიკეტა. ერთ-ერთი დაზარალებული თეა ბზიკაძეა, რომელიც ამჟამად იტალიის ქალაქ ბარიში იმყოფება.

SOS სიგნალს აგზავნიან ესპანეთიდანაც. მათ შორის საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც სამეფოში ცხოვრების და მუშაობის პრობლემა არ აქვთ. დახმარებას ითხოვენ სტუდენტებიც.

სტუდენტების 20 კაციანი ჯგუფი ვერ ბრუნდება საქართველოში შტუტგარტიდან. ამბობენ, რომ ბილეთის ფასი დაახლოებით 3500 ლარია, რასაც მათი ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

დახმარების პირობას დებს ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავა ამბობს, რომ საქართველოს საზღვრებს გარეთ დარჩენილი მოქალაქეები სამშობლოში ორგანიზებულად და უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.

ემიგრანტების დახმარებაზე საუბრობს დავით ზალკალიანიც. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მოქალაქეებს, რომელთაც კრიზისის გამო ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად ყოფნის ვადა ამოეწურათ, დახმარება ინდივიდუალურად გაეწევათ.

მათ, ვინც საქართველოში დაბრუნებას ამ ეტაპზე არ ჩქარობს, საელჩოები ონლაინ კონსულტაციას რამდენიმე დღეში შესთავაზებენ. მოქალაქეების ნებისმიერ შეკითხვას სპეციალურად გამოყოფილი ჯგუფები უპასუხებენ, საჭიროების შემთხვევაში კი, პროცესში მედიკოსები ჩაერთვებიან.

დღის ამბები