19 აპრილი 2024,   02:25
ვრცლად
დაცარიელებული პარიზი, დაკეტილი სავაჭრო ობიექტები - მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება

ჩინეთი, იტალია, ირანი, ესპანეთი , აშშ, გერმანია და საფრანგეთი - კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე რთული სურათი ამ 9 სახელმწიფოშია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს მოსახლეობას, რომ ვირუსი, შესაძლოა, ნებისმიერს შეეხოს და რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე მიუთითებს 

დღეს პარიზში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, დაცარიელებულია ქუჩები, დაკეტილია ყველა სავაჭრო ობიექტი. მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა განსაკუთრებული საჭიროების გარეშე აეკრძალათ. ადგილობრივი პრესა კორონავირუსის გამო შექმნილ მდგომარეობას ქვეყანაში უდაბნოს ადარებს. 

საფრანგეთში კორონავირუსის 9134-მდე შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილია 264 ადამიანი.

არ არის გამორიცხული, კარანტინი ლონდონშიც გამოცხადდეს. დიდ ბრიტანეთში, სადაც კორონავირუსის გამო გამკაცრებული ზომებია მიღებული, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი არ გამორიცხავს, რომ ლონდონი ჩაკეტოს. დიდ ბრიტანეთში ვირუსით 3 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. 

ჩინეთის შემდეგ კვლავ მძიმე ვითარებაა იტალიაში, სადაც დაავადებას 36 ათასამდე ადამიანი ებრძვის. 

კორონავირუსთან საბრძოლველად უპრეცედენტო ზომები მიიღეს გერმანიაში, სადაც დაღუპულია 28 ადამიანი.

კორონავირუსით დაინფიცირების და ფატალური შემთხვევების რაოდენობამ იმატა ესპანეთში. ბოლო რამდენიმე საათში გარდაცვალების 129 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო დაინფიცირების 2,378 .

დღეს ფატალური შემთხვევები, ესპანეთის გარდა, რეკორდულად გაიზარდა ირანშიც. ბოლო რამდენიმე საათში COVID-19-ით 149 პაციენტი გარდაიცვალა , ხოლო დაინფიცირდა 1,050 ადამიანი . 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა და სამხრეთ კორეამ ვირუსი თითქმის დაამარცხეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, აზიაში ვირუსის მეორე ტალღა აგორდეს. 

ჩინეთში, ამ დროისთვის, ვირუსის 80 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული და თითქმის ამდენივე რაოდენობის ადამიანმა COVID -19 დაამარცხა.

სამხრეთ კორეაში კი დაინფიცირების 9 ათასი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გამოჯანმრთელების 7 ათასამდე ფაქტია დადასტურებული.

რაც შეეხება აშშ-ს, მონაცემებით, ახალი კორონავირუსის 9 464 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორისაა ორი ამერიკელი კონგრესმენი . გარდაცვლილთა რაოდენობა კი 155-მდე გაიზარდა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი კანონმდებლობა აამოქმედა, რომელიც ქვეყანას სამედიცინო ინვენტარის წარმოების დაჩქარების შესაძლებლობას მისცემს. 

აშშ პრეზიდენტს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო ახსნა-განმარტებები არაერთხელ მოუწია. ამჯერად კი დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გლობალურ პანდემიას ეხებოდა, მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს ჩინური უწოდა , რის გამოც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ იგი რასისტულ განცხადებებში დაადანაშაულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ვირუსს 226 ათასი ადამიანი ებრძვის, პანდემიამ თითქმის 10 ათასამდე ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები