26 მაისი 2020,   11:33
ვრცლად
მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებით, ღვთისმსახურება დროებით შეჩერდა - რას გადაწყვეტს საქართველოს სინოდი

მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებით, მარტის ბოლომდე ღვთისმსახურება შეჩერებულია. უმაღლესი სასულიერო პირის ვიდეო მიმართვის მიხედვით, მღვდელმსახურებმა 6-პუნქტიან შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის მიხედვითაც ეპისკოპოსი ბართლომე მრევლს შინ დარჩენას ურჩევს და ლოცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ტაძრებში შეზღუდვები გაგრძლდება მანამ, სანამ მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის. 

კვლავ უცნობია, გაიზიარებენ თუ არა მსოფლიო პატრიარქის მოსაზრებებს თბილისში. შეიცვლება თუ არა ზიარების წესი და როგორ ჩატარდება სააღდგომო მსახურება - ამ საკითხებზე წმინდა სინოდი ხვალ იმსჯელებს. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით უკვე ნათელია,რომ მღვდელმთავრებს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. განცხადებაში სასულიერო პირებს სინოდის სხდომამდე საკუთარი მოსაზრებების გამოთქმისგან თავის შეკავებას ურჩევენ

სხვადასხვა ეპარქიაში სასულიერო პირები ამბობენ, რომ წმინდა სინოდი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ნაწილისთვის მიუღებელია ეკლესიამ ზიარების წესი შეცვალოს, ასევე, არ ეთანხმებიან სააღდგომოდ ღვთისმსახურებაში ცვლილებების შეტანას. მღვდლების ნაწილი იმ მრევლს, რომელსაც ზიარების შიში აქვთ, შინ დარჩენას ურჩევენ. ნაწილი კი ზიარების წესის შეცვლის გარდა, საეკლესიო ცხოვრების დროებით შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს. 

თეოლოგები და ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საუკუნეების განმავლობაში ზიარების წესი ადამიანის საჭიროებას იყო მორგებული, ამიტომ მის შეცვლაში ანტიქრისტიანული არაფერია. სპეციალისტები იმედოვნებენ,რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირები გონიერებას გამოიჩენენ, მათივე თქმით, აუცილებელია სააღდგომო მსახურება განსხვავებული წესით ჩატარდეს. 

COVID19-ის გავრცელების საფრთხის გამო ზიარების წესი შეცვალა რუსეთის ეკლესიამ, რუსეთის საპატრიარქომ მრევლისა და სასულიერო პირებისთვის სპეციალური რეკომენდაცია გაავრცელა. რუსეთის პატრიარქ კირილეს გადაწყვეტილებით, ზიარების შემდგომ კოვზი გაიწმინდება სპირტით გაჟღენთილი ხელსახოცით. სიტკბოების მისაღებად კი მრევლი ერთჯერადი ჭიქით ისარგებლებს.

დღის ამბები