18 აპრილი 2024,   23:05
ვრცლად
მსოფლიო პანდემიის გამოწვევის წინაშე - აშშ საყოველთაო ზიანისთვის ჩინეთს ადანაშაულებს

მსოფლიო პანდემიისა და საყოველთაო ზიანისთვის ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს ადანაშაულებს.

კორონავირუსის შესახებ ზუსტი ინფორმაციის დამალვის შესახებ თავად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პრემიერო მაიკ პომპეო საუბრობენ.

ოფიციალურ ვაშინგტონში ამბობენ, რომ ჩინეთის ქმედებების გამო მთელი მსოფლიო იტანჯება და უზარმაზარი საფასურის გადახდა უწევს. ვირუსის გავრცელების გამო ამერიკის ყველა შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.

ბრალდებები ისმის რუსეთის მისამართითაც. რეალური სტატისტიკის დამალვაში ქვეყანას მედიკოსები ადანაშაულებენ. მხოლოდ მოსკოვში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პნევმონიის რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში კორონავირუსის 199 შემთხვევაა დაფიქსირებული, მაშინ, როდესაც პნევმონიის 6921 შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთის ექიმთა ალიანსის პროფკავშირების ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას ატყუებს.

ვითარება რთულდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში: 4-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი თურქეთში. ინფიცირების სულ 360-მდე ფაქტია დადასტურებული.

"კოვიდ-19"-ის 136 შემთხვევა ფიქსირდება სომხეთში. აზერბაიჯანში მაჩვენებელი 44-ია. უკრაინაში გარდაცვლილია 3 და ინფიცირებულია 26 მოქალაქე. დაავადების სტატისტიკის ზრდა შეინიშნება რეგიონის სხვა ქვეყნებშიც, ირანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 19 ათასს გადააჭარბა.

​კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საუდის არაბეთში მექა და მედინა დაიხურა. ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შეძლებენ სამლოცველოში შესვლას მომლოცველები. ბოლო მონაცემებით, საუდის არაბეთში კორონავირუსით 274 ადამიანია ინფიცირებული.

სულ მსოფლიო მასშტაბით "კოვიდ 19"-ით გარდაცვლილია 10 ათასზე მეტი ადამიანი. უკვე გამოჯანმრთელდა 88 ათასზე მეტი. მსოფლიო პანდემიამ პრობლემები შეუქმნა 21 საუკუნეში კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებასაც - მას შემდეგ, რაც ადამიანები თვითიზოლაციასა და კარანტინში გადავიდნენ, ინტერნეტის მოხმარება საგრძნობლად გაიზარდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არსებული ტენდენციით სერვერები ზეწოლას ვერ გაუძლებენ, ამიტომ მსხვილი სოციალური ქსელები ინტერნეტის მიწოდების ხარისხს ამცირებენ.

დღის ამბები